logo
ENG



ბრიუსელში NATO-ს საგანგებო სამიტი მიმდინარეობს

24 მარ 202214:45
3 წუთის საკითხავი
 

ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში, ალიანსის ლიდერების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ სამიტს ესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.

შეხვედრას ვირტუალურად ჩაერთო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 

ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაგეგმილ შეხვედრებზე რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესება, რეგიონში NATO-ს სამხედრო პოზიციები და უკრაინისთვის სამხედრო დახმარება განიხილება.

აღსანიშნავია, რომ დასავლელმა ლიდერებმა ამ დრომდე არაერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ უკრაინაში ცის დაკეტვა არ განიხილება, რადგან ამან შესაძლოა უფრო მასშტაბური ომი გამოიწვიოს. 

დამატებითი სანქციები: ამერიკის პრეზიდენტი დამატებით ასობით რუსი დეპუტატისთვისა და რუსული ელიტის წარმომადგენლისთვის სანქციების დაწესებას გეგმავს. აშშ-ის ინფორმაციით, სიას რუსი ოლიგარქებიც დაემატებიან. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯეიკ სალივანის თქმით, ბაიდენი დამატებით სანქციებს სწორედ ამ შეხვედრაზე გამოაცხადებს.

CNN-ის ინფორმაციით, სამიტზე ასევე, სავარაუდოდ, განიხილება SWIFT-ის საერთაშორისო საბანკო სისტემიდან დამატებითი რუსული ბანკების გათიშვაც.

NATO-ს სამხედრო ძალები: მანამდე იენს სტოლტენბერგმაც განაცხადა, რომ ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სამხედრო პოზიციების გამყარებას გეგმავს. პირველ ეტაპზე კი NATO-ს საბრძოლო დანაყოფების 4 ქვეყანაში: ბულგარეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში გაგზავნა იგეგმება. ეს ინფორმაცია დღეს NATO-ში აშშ-ის ელჩმა, ჯული სმიტმაც დაადასტურა.

CNN ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ბრიუსელში გამგზავრებამდე პენტაგონმა თეთრ სახლთან განიხილა აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით ამერიკული ჯარების გაგზავნის შესაძლებლობაც. აღსანიშნავია, რომ უკრაინაში სიტუაციის დაძაბვის ფონზე ამერიკამ დამატებითი ჯარები პოლონეთსა და რუმინეთში გაგზავნა.

ასევე განიხილება NATO-ს ძალების გახანგრძლივებული პოზიციები ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში. თუმცა ამის შესახებ დამატებითი დეტალები სამიტის შემდეგ გახდება ცნობილი. 

სამხედრო დახმარება უკრაინას: ბრიუსელში ჩასვლამდე აშშ-ის პრეზიდენტი საუბრობდა უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარებაზე. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კი განაცხადა, რომ ლიდერებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საუბრის თემა უკრაინის თავდაცვის კუთხით მხარდაჭერა იქნება.


close დახურვა