ბულგარეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში, მეწყრის შედეგად დაღუპულთა გამო.
"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ ინფორმაცია ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, კურორტ შოვში მომხდარი მასიური მეწყრის დროს მრავალი დაღუპულისა და დაკარგული შესახებ. ბულგარელი ხალხის სახელით გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას", - წერია განცხადებაში.
***
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი, ჩართულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალების 220 სამხედრო მოსამსახურე.
ამ დროისთვის ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამოცნობილია ცხედრების ნაწილი.
ამ დრომდე კონტაქტზე ვერ გადიან 21 ადამიანთან.