ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ბუსტერ დოზა ომიკრონის შტამის გავრცელებისგან განსაკუთრებით იცავს.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სამედიცინო პერსონალი მესამე დოზით აიცრას.
"განსაკუთრებით საყურადღებოა ბუსტერ დოზებით სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია და ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პროცესი ძალიან აქტიურად გაგრძელდეს. ბუსტერ დოზა განსაკუთრებით იცავს ომიკრონის შტამის გავრცელებისგან და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სამედიცინო პერსონალი დავიცვათ ინფიცირებისგან ამ პირობებში", - თქვა გაბუნიამ.
კორონავირუსის ახალი შტამი სახელად ომიკრონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.
საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 2021 წლის 20 დეკემბერს დადასტურდა.
11 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5 486 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.
ბოლო 24 საათში 10 881 აცრა ჩატარდა.