logo
ENG



გაბუნია: ექსპერტები იმსჯელებენ, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი შემთხვევის შესწავლამდე

18 მარ 202117:53
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: ექსპერტები იმსჯელებენ, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი შემთხვევის შესწავლამდე

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეიკრიბება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს იმაზე, როგორ გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში.

როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, სპეციალური ჯგუფი ვაქცინაციის გაგრძელების პროცესზე დღეს იმსჯელებს. 

"დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი. ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ქვეყანაში - ასტაზენეკაზე მაქვს საუბარი.

სტანდარტულად, როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების საფუძველზე, თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია, და ეს შემთხვევა ასეთია, ამ შემთხვევაში, ვიდრე არ მოხდება შემთხვევის შესწავლა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი, ვიდრე არ დადგინდება მიზეზშედეგობრივი კავშირი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

ახალციხეში, კლინიკა იმედში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა. დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ექთანი მართვით სუნთქვაზეა და ის თბილისში გადმოჰყავთ

ამირან გამყრელიძე ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, რამ გამოიწვია მდგომარეობის დამძიმება, თუმცა ამბობს, რომ სავარაუდოდ, მიზეზი ანაფილაქსიური (ალერგიული) რეაქცია გახდა, რაც, ზოგადად ვაქცინების შემთხვევაში, საშუალოდ, მილიონიდან ერთ შემთხვევაში ხდება.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ახალციხეში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყო. 

 

 

 
 
 

 


close დახურვა