ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პანდემიური მდგომარეობის გათვალისწინებით ჯანდაცვის სამინისტრო კლუბების გახსნას მხარს ვერ დაუჭერს.
მინისტრის მოადგილის თქმით, კლუბების გახსნა კორონავირუსის ომიკრონის შტამის გავრცელების დამატებით რისკებს ქმნის.
„დღეს ძალიან მაღალია პანდემიური რისკები, განსაკუთრებით ომიკრონთან მიმართებაში, სწრაფი გავრცელება და ამ პირობებში კლუბების გახსნა არის, რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დამატებითი რისკი, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მხარს ნამდვილად ვერ დაუჭერს. ამდენად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ ამგვარი გართობის გარეშე, რათა ის სასიცოცხლო რისკები, რაც ახალი შტამის სწრაფ გაგრძელებას უკავშირდება, გადავაზღვიოთ", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
***
შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭომ 22 დეკემბერს კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.
17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.
22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს.
23 დეკემბერს თბილისის სცენის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ წვეულებების გაუქმების მიზნით, შესაბამისმა უწყებებმა მეიჯარეებისგან მოითხოვეს, რომ თავად არ დაუშვან კლუბების გახსნა, "წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიყენებენ სადამსჯელო ღონისძიებებს".
კლუბები აცხადებენ, რომ ეს არის ცალსახად შანტაჟისა და მუქარის, დაშინებისა და რეპრესიის გზა, რომელიც ხელისუფლებამ აირჩია.
24 დეკემბერს კლუბი ბასიანი შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა, ბასიანის ერთერთმა დამფუძნებელმა ტატო გეთიამ ფორმულას უთხრა, რომ კლუბმა ჯარიმის ქვითარი და კლუბის დალუქვის დოკუმენტი არ ჩაიბარა.
რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია.