logo
ENG



გაბუნია: მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოს ვაქცინაციის პროგრამას დავიწყებთ

09 მარ 202111:59
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მოსალოდნელია, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლოს დაიწყოს. გაბუნიას თქმით, როგორც დაანონსებული იყო, საქართველო კოვაქსის პლატფორმით, 22 მარტის კვირაში ელოდება ფაიზერის ვაქცინას.

"ვაქცინაციასთან დაკავშირებით გრძელდება მოლაპარაკებები მიმწოდებლებთან. კოვაქსის პლატფორმით როგორც უკვე დაანონსებული იყო 22 მარტის კვირაში ველოდებით ფაიზერის ვაქცინას და ასევე, მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში 22 მარტის კვირაში ჩამოვიდეს ასტრაზენეკას ვაქცინა. ჩვენი მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოს ვაქცინაციის პროგრამას დავიწყებთ. ყოველ შემთხვევაში, ეს არის ის ინფორმაცია, რასაც კოვაქსი გვიდასტურებს", - ამბობს გაბუნია.

მისი თქმით, შესაძლოა, საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანა განიხილონ.

"გარდა ამისა, მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმებების გაფორმებისთვის. მათ შორისაა მოდერნა, სინოვაკი, სინოფარმი. მოგეხსენებათ ჩინური ვაქცინები განიხილება, განსაკუთრებით სინოფარმი, ჯანმოს მიერ ავტორიზაციისთვის და მარტის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ მათ მიიღონ ავტორიზაცია", - განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიას თქმით, მოკლე ხანში გახდება ცნობილი, კოვაქსის პლატფორმის მიღმა, რომელი მწარმოებლის მიერ რა რაოდენობის ვაქცინების მობილიზება მოხდება.

 


close დახურვა