ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის შემდეგი ტალღა 60 წელს ზემოთ პირებისთვის კრიტიკულად საშიში იქნება, თუ ვერ მიაღწიეს მათ ვაქცინაციას.
გაბუნიას თქმით, ამ ასაკობრივ კატეგორიაში სიკვდილიანობა ყველაზე მაღალია, ვაქცინაციის მაჩვენებელი კი - ყველაზე დაბალი.
"ძალიან საყურადღებოა ის, რომ დღეს ჩვენს შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციაც და სიკვდილობაც უფრო მეტი არის ისევ 60 წლის ზემოთ პირებში, ყველაზე ნაკლები ვაქცინაციის მაჩვენებელიც გვაქვს 60 წლის ზემოთ პირებში. ამდენად, აი, ეს მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს სრულიად საპირისპირო მიმართულებით.
ჩვენი მიზანია, ბევრი მოქალაქე მოვიცვათ მოკლე დროში, მაგრამ მეტად მიზნობრივი ვაქცინაციის პროგრამების განხორციელება არის პრიორიტეტი და ამაზეც იმსჯელა გუშინ საკოორდინაციო საბჭომ და ვაქცინაციის საბჭომ.
პროგრამები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმავს, იქნება უფრო მეტად მიმართული 60 წლის ზემოთ პირებზე, რადგან შემდეგი ტალღა იქნება რეალურად კრიტიკულად საშიში ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის, თუ ჩვენ არ მივაღწიეთ მათ ვაქცინაციას", - თქვა გაბუნიამ.
9 სექტემბერის მონაცემებით, საქართველოში სრულად აცრილია 536 394 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 18.8%-ია.