logo
ENG



გაბუნია კლუბების გახსნაზე: ჯერ არ არის იმის დრო, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ

23 დეკ 202111:55
3 წუთის საკითხავი
clock 465
გაბუნია კლუბების გახსნაზე: ჯერ არ არის იმის დრო, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია კლუბების გახსნასთან დაკავშირებით ამბობს, რომ "ჯერ არ არის იმის დრო, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ".

გაბუნიას მტკიცებით, ომიკრონის ახალი ტალღის პირობებში კოვიდრეგულაციებთან დაკავშირებული მოთხოვნები ყველგან მკაცრდება. 

"ამ პირობებში, როდესაც ჩვენ ველოდებით ომიკრონის მოსალოდნელ ტალღას და ვადევნებთ თვალს, ყველგან როგორ მკაცრდება ყოველდღიურად მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით, ძალიან რთული განსამარტია, თუ რატომ შეიძლება ჩვენ დავუშვათ კიდევ ახალი გახსნები, მაგალითად კლუბებთან მიმართებით. ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მით უმეტეს ომიკრონის რისკი არის ძალიან რეალური და ამდენად, ცოტა დრო გვჭირდება. ყველას ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნეთ ჩვეულ რეჟიმში როგორც გართობის, ასევე სოციალური აქტივობის და ყველა სხვა მიმართულებით", - თქვა გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭომ კლუბების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. საბჭოს წარმომადგენელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ მიზეზი ომიკრონის შტამის გავრცელებაა.

 17 დეკემბერს შრომის ინსპექციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბებში ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის. მანამდე კი ცნობილი იყო, რომ ღამის კლუბები მუშაობას 17 დეკემბერს განაახლებდნენ.

გუშინ, 22 დეკემბერს კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ერთობის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ ფორმულას ეთერში თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლების განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ კლუბები მუშაობას იმ პროტოკოლის მიხედვით გააგრძელებენ, რომელიც მათ შესაბამის უწყებებთან შეიმუშავეს. 

"მიუხედავად დაშინებისა, რომ ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებული იქნება ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თბილისის ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის უკლებლივ ყველა წარმომადგენელმა მივიღეთ ერთიანი გადაწყვეტილება, თბილისის კლუბები გააგრძელებენ მუშაობას იმ დადგენილი პროტოკოლის მიხედვით, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის უწყებებთან, რომლის შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ და ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ სფეროს დამატებით უზარმაზარი ფინანსური ხარჯის გაწევა მოგვიწია", - აღნიშნულია განცხადებაში.

რამდენიმე თვეა, საკლუბო ინდუსტრია გახსნასთან დაკავშირებით მთავრობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობლემები აქვთ და გახსნა აუცილებელია. 


close დახურვა