logo
ENG



გაერო საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს

18 მაი 202012:51
3 წუთის საკითხავი
 
ujia7hqmnobz0n9.png

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაერო კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია,  რომლებიც გაეროს COVID-19-თან (კორონავირუსთან) რეაგირებისა და აღდგენის  სატრასტო ფონდის დაფინანსებით ისარგებლებენ პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური შოკისგან მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დასაცავად.

„გაეროს COVID-19-თან რეაგირებისა და აღდგენის მრავალპარტნიორული სატრასტო  ფონდი არის უწყებათაშორისი  დაფინანსების მექანიზმი, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შექმნა 2020 წლის 31 მარტს. მისი მიზანია, დაეხმაროს  ქვეყნებს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში   და პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებთან გამკლავებაში. 15 მაისს სატრასტო ფონდმა გაეროს სააგენტოთა ჯგუფს საქართველოში  1 მილიონ აშშ დოლარი გამოუყო, რომელიც ჯანდაცვის კრიზისზე რეაგირებასა  და მოწყვლადი ჯგუფების პანდემიის უარყოფითი სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებთან გამკლავებას მოხმარდება.

"მიღებული დაფინანსებით გათვალისწინებულია ჯანდაცვის სისტემის უკეთ აღჭურვა მომავალ გამოწვევებთან გასამკლავებლად; ჯანდაცვის, სოციალური და სხვა მუშაკების და ასევე მათი ბენეფიციარების  სამედიცინო აღჭურვილობითა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით   უზრუნველყოფა;   სასოფლო-სამეურნეო საშუალებებით ღარიბი და მოწყვლადი შიდა-მეურნეობების დახმარება; წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენის საშუალებებზე  ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში;   მუნიციპალიტეტების და სოფლის წარმომადგენლების დახმარება, რათა მათ შეძლონ  გადაუდებელი  სოციალური მომსახურების გაწევა.

"გაეროს გუნდის მხარდაჭერის მთავარი მიმართულება ასევე იქნება ხანდაზმული პირების, ბავშვების, ორსული და მეძუძური დედების დახმარება, მათთვის აუცილებელი  სამედიცინო სერვისების მიწოდება;  განათლებასა და ბავშვთა სოციალური დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მათ შორის ბავშვებზე ძალადობის პრევენცია; ასევე კრიზისული კომუნიკაცია და საზოგადოების ჩართულობა.

"პროექტს ,,საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი თემების დახმარება პანდემიის   შედეგების შესამცირებლად“, ახორცილებს გაეროს ბავშვთა ფონდი, გაეროს განვითარების პროგრამა და გაეროს მოსახლეობის ფონდი,  გაეროს სხვა სააგენტოებთან თანამშრომლობით.

"აღნიშნული დახმარება  საქართველოში გაეროს პანდემიასთან ბრძოლის ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას  ამ რთულ კრიზისთან გამკლავებაში.  პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან გაერო ეხმარება საქართველოს მთავრობას  COVID-19-თან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროებების სწრაფ შეფასებასა და მოგვარებაში და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, ბავშვები, ხანდაზმულები, ლტოლვილები, მიგრანტები და სხვ.) პანდემიის სოციალურ-ეკონომიკური შედეგებისგან დაცვაში“, - ნათქვამია განცხადებაში. 


close დახურვა