ბრიტანეთი რუსულ ბანკებს, ინდუსტრიებსა და ელიტების წარმომადგენლებს ახალ სანქციებს უწესებს. ბრიტანეთის ხელისუფლების ინფორმაციით, სანქცირებულთა სიას რუსეთიდან 59, ბელარუსიდან კი 6 ახალი კომპანია და ადამიანი შეემატა.
სანქცირებულთა შორისაა გაზპრომბანკი, ალფა-ბანკი, კერძო სამხედრო კონტრაქტორი ვაგნერის ჯგუფი, სახელმწიფო გადაზიდვების უდიდესი სააგენტო სოვკომფლოტი, მსოფლიოში ბრილიანტების უდიდესი მწარმოებელი- ალროსა და რუსეთის რკინიგზისა და თავდაცვის კომპანია კრონშტადტიც, რომელიც რუსეთში დრონების მთავარი მწარმოებელია.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის სანქციები შეეხო პოლინა კოვალევას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილიშვილს.
ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, კოვალევას ლონდონში 4 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების ქონება აქვს.
კიდევ ერთი სანქცირებული ადამიანია რუსეთის უდიდესი სბერბანკის აღმასრულებელი დირექტორი, გერმან გრეფი. სანქცირებულთა შორის არიან ნავთობის მაგნატი ევგენი შვიდლერი და ტინკოფ ბანკის დამფუძნებელი, ოლეგ ტინკოვი.
„პუტინს არ უნდა ჰქონდეს ილუზიები - ჩვენ მოკავშირეებთან ერთად ერთიანები ვართ და რუსეთის ეკონომიკაზე მარყუჟის მოჭერას გავაგრძელებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის უკრაინაში დამარცხდება. ჩვენ არ გავჩერდებით“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მდივანმა, ლიზ ტრასმა.
გაზპრომბანკი რუსული გაზისა და ნავთობისთვის გადახდების ერთ-ერთი მთავარი გზაა. ალფა-ბანკი კი რუსეთში ერთ-ერთი მთავარი კერძო სესხების გამცემია. მის მფლობელ მიხაილ ფრიდმანსა და მის პარტნიორებს ბრიტანეთმა თვის დასაწყისში სანქციები უკვე დაუწესა.
ამ და 4 სხვა ბანკს ბრიტანეთში აქტივები გაეყინათ, რის შედეგადაც ბრიტანეთში არსებულ რესურსებზე წვდომა შეუწყდათ, ხოლო ადგილობრივ კომპანიებს მათთან თანამშრომლობა აღარ შეუძლიათ.
ბრიტანეთის ინფორმაციით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრიტანეთმა რუსული ბანკების 500 მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტის ღირებულების აქტივებს დაადეს სანქციები.