დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში 7 079 PCR და 1 500-მდე სწრაფი ტესტი გაკეთდა.
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ამჟამად საყურადღებო ბათუმის, გურიისა და რუსთავის ავერსის კლინიკის კლასტერებია.
"ახლა ჩვენთვის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ბათუმი, სადაც ინტენსიური, გაფართოებული ტესტირებაა, თუმცა გუშინ საღამოსკენ უფრო გაჩნდა ტესტირების შემცირების ტენდენცია ბულვარის კარვებში, 600-მდე ადამიანი იქნა გამოკვლეული. ყურადღებას იპყრობს, ასევე, რუსთავის პოლიკლინიკასთან დაკავშირებული ავერსის კლასტერი. ამასთან, მნიშვნელოვანი ხდება გურიის შემთხვევები", - თქვა გამყრელიძემ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 1 650 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა 1 310-ს შეადგენს. ახალი კორონავირუსით საქართველოში სულ 19 ადამიანი გარდაიცვალა.