logo
ENG



გამყრელიძე: დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის მაჩვენებელი 4.3%-ია

03 თებ 202111:31
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის მაჩვენებელი 4.3%-ია

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, დილის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის მაჩვენებელი 4.3%-ია.

როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა 4,6% შეადგინა, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში 3.87%.

"თქვენ იცით, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ დადებითობით მაჩვენებელს, ანუ გატესტილიდან რამდენია დადებითი. იანვარ-თებერვალში ქვეყნის მასშტაბით ეს არის 7.3%, ნოემბრის ბოლოს გვქონდა 25-30% ფარგლებში, ანუ სერიოზული კლებაა. დღეს დილისთვის დადებითობის პროცენტი ქვეყნის მასშტაბით არის 4.3%, ბოლო 14 დღის განმავლობაში გვაქვს 4.6% და ბოლო 7 დღის განმავლობაში 3.87%", - თქვა გამყრელიძემ. 

მანვე აღნიშნა, რომ ვირუსის შემთხვევების კლების კუთხით დინამიკა პოზიტიურია, თუმცა მოქალაქეებს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია.

"კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, ჩვენ პირბადე კარგა ხანს დაგვჭირდება. ეს გაზაფხული და შემოდგომა ვიმსჯელოთ როგორ იქნება დინამიკა, მაგრამ აუცილებელია შინ და გარეთ, ყველგან პირბადის ტარება. ეს არის მთავარი დამცავი და პრევენციული საშუალება ინფექციის შემდგომი გავრცელების", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 26 იანვარს, პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია, ქვეყანაში ნორმალურ ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე საუბარი ზედმეტია. მანვე აღნიშნა, რომ როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოცდება, შეზღუდვების მოხსნის გეგმას დააჩქარებენ.


close დახურვა