ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 2021 წლის ზაფხულის ბოლოს ამერიკული ვაქცინა ნოვავაქსის მილიონი დოზა შემოვა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განმარტა, ვაქცინის საქართველოში ვაქცინის შემოტანა აგვისტოშია გათვალისწინებული, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ნოვავაქსი ქვეყანაში ივლისში შემოიტანონ.
„ნოვავაქსთან უფრო კონკრეტულია საუბარი, არის აგვისტოდან. ნოვავაქსი არ იწარმოება ჯერ. გაიარა სამი ფაზა კვლევის. კომპანია ნოვავაქსმა გააკეთა ახალი გენერაციის ვაქცინა, სპაიკ-პროტეინზე დამყარებული და მისმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა მაღალი ეფექტურობა სამივე ფაზის. მისცა ლიცენზია ინდოეთის სერუმ ინსტიტუტს და მან მილიარდი დოზა უნდა აწარმოოს ნოვავაქსის, მათ შორის 300 მლნ კოვაქსისთვის. ჩვენთან შემოდის კოვაქსის საშუალებით და პირდაპირი მოლაპარაკებაა სერუმ ინსტიტუტთანაც. გათვალისწინებულია, იქ წერია აგვისტო, ჩვენ ვცდილობთ, ეს იყოს ივლისი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში ამ დროისთვის ორი ვაქცინა - ასტრა-ზენეკა და ფაიზერია ხელმისაწვდომი.
აცრის გაკეთება შეუძლიათ მედიცინის მუშაკებსა და 55-წელს გადაცილებულ პირებს.
ასტრა-ზენეკათი აცრა მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ ადამიანებს უტარდებათ.