დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რამდენიმე დღეში ამოქმედდება მთავრობის ახალი დადგენილება, რომელიც კორონავირუსით ინფიცირებულთა ახლო კონტაქტებს ეხებათ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დადგენილების მიხედვით, ინფიცირებულთა კონტაქტებს ტესტირების გარეშე თვითიზოლაციაში ან კარანტინში გადასვლა მოუწევთ. თუ 12 დღის განმავლობაში მათ ვირუსის სიმპტომები არ ექნებათ, ტესტს არ ჩაუტარებენ და მე-12 დღეს თავისუფლები იქნებიან.
"ინფიცირებულებთან კონტაქტირებული ადამიანები, ხაზს ვუსვამ ახლო კონტაქტები, საოჯახო და სამსახურებრივი კონტაქტები, ყოველგვარი ტესტირების გარეშე, პირდაპირ უნდა გადავიდნენ თვითიზოლაციაში. ვისაც არ აქვს თვითიზოლირების საშუალება, ისინი გადავლენ კარანტინში. შემდგომ 12 დღის განმავლობაში, თუ ისინი უსიმპტომოები არიან, ტესტირება არ უტარდებათ და მე-12 დღის შემდეგ ისინი თავისუფალი იქნებიან. თუ 12 დღის განმავლობაში მათ მცირე სიმპტომები მაინც ექნებათ, უკავშირდებიან ექიმს და ექიმი წყვეტს შემდეგ მისი ტესტირების აუცილებლობას. ეს იმისთვის, რომ ტესტირება იყოს მიზნობრივი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს, 5 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 375 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. 45 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მათგან 43 - მართვით სუნთქვაზე. NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტირება ჩატარდა.