დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ლაბორატორიებს მოუწოდებს, რომ თანხის მოგების საფუძველზე მოსახლეობას შეცდომაში ნუ შეიყვანენ.
მისივე განცხადებით, კორონავირუსზე სახლებში სინჯების აღება დაუშვებელია, რადგან ვინც სინჯებს იღებს რამდენიმე კვირიანი ტრენინგები უტარდებათ.
გამყრელიძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ საქართველოში არსებული გრიპის და რესპირატორული ინფექციების ლაბორატორია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის აკრედიტირებული, შესაბამისად იქ გაცემული ნებისმიერი პასუხი არის საერთაშორისო სტანდარტი.
„ნუ ისარგებლებთ ამ მდგომარეობით და გარკვეული თანხების მოგების საფუძველზე მოსახლეობას ნუ შეიყვანენ შეცდომაში. ნუ დაიწყებენ ასიმპტომური ადამიანების სინჯების სახლებში აღებას. ვინც ჩვენთან სინჯს იღებს იმ ადამიანებს ჩვენთან რამოდენიმე კვირიანი ტრენინგი აქვთ ჩატარებული. მოვუწოდებთ ყველა ლაბორატორიას, რომ ვისაც არ აქვს ამ ტიპის გამოცდილება ნუ შეიყვანთ ხალხს შეცდომაში და პირადი, მერკანტილური ინტერესების გამო თავს ნუ შევირცხვენთ. ეს არის საზოგადოებრივი ჯანდაცვითი საფრთხე. პირველ რიგში წამყვანია საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ეს არ არის ე.წ. გრიპის კვლევის ტესტები, რომელიც შეიძლება კომერციული მიზნით გამოიყენო. ჩვენი გრიპის და რესპირატორული ინფექციების ლაბორატორია აკრედიტირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, იქ გაცემული ნებისმიერი პასუხი არის საერთაშორისო სტანდარტი“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.