დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელძის თქმით, მთავრობის გუშინწინდელი დადგენილებით განისაზღვრა, რომ ყველა ჰოსპიტალიზირებულ ადამიანს სწრაფი ტესტი ჩაუტარდება.
მისი თქმით, ადრე ტესტი მხოლოდ ჰოსპიტალში შესულ სიცხიან ადამიანებს უტარდებოდათ.
"დადგენილებით, რომელიც გუშინწინ გამოვიდა, განისაზღვრა, რომ ყველა ჰოსპიტალიზირებულ ადამიანს, რა დიაგნოზითაც არ უნდა იყოს, უნდა ჩაუტარდეს ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტი. ადრე იყო მხოლოდ სიცხით ვინც შედიოდა ჰოსპიტალში, მას უტარდებოდა გამოკვლევა", - ამბობს გამყრელიძე.
მთავრობამ დღიურად ჩატარებული ტესტების რაოდენობის გაფართოება 3 დეკემბრიდან დაიწყო. გასულ დღე-ღამეში რეკორდულად ბევრი, 17 000 ტესტი ჩატარდა. მთავრობა ამბობს, რომ მიზანი დღეში 20 000 ტესტამდე გაზრდაა.
"ასეთი ჰოსპიტალიზაცია წლის განმავლობაში არის დაახლოებით 450 000, დღეში გვაქვს 1 000-დან 1 500-მდე. ყველა ეს ადამიანი უნდა იყოს გამოკვლეული ამ ტესტებით", - ამბობს გამყრელიძე.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 068 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 38 ინფიცირებული.