დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამის საეჭვო შემთხვევის შესწავლა მიმდინარეობს.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, სამხრეთ აფრიკულ შტამს უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობა არ ახასიათებს.
"სამხრეთ აფრიკულ შტამზე გიდასტურებთ, რომ ერთერთ საეჭვო შემთხვევაზე მიმდინარეობს დაკვირვება ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში. მიმდინარეობს ამ საეჭვო შემთხვევის გენეტიკური ანალიზი, ანუ სეკვენირება ნიმუშის. რაც შეეხება არის თუ არა მეტად კლინიკურად მძიმე, გეტყვით რომ არა, მით უმეტეს ის შეადრებით ნაკლებად არის გავრცელებული", - თქვა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების თითქმის 90% ბრიტანულ შტამს უკავშირდება, რომელიც ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო მარტივად ვრცელდება. 27 მაისს, ქვეყანაში ინდური შტამის 5 შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც ჯანმო-ს მიერ ყველაზე "საფრთხილოდ" არის შეფასებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მათ მიერ ავტორიზებული კოვიდ 19-ის ვაქცინები ეფექტურია ვირუსის ყველა შტამის, მათ შორის, ინდური შტამის წინააღმდეგ.
ავტორიზებულ ვაქცინებს შორისაა: ფაიზერი, მოდერნა, ასტრაზენეკა, ჯონსონ & ჯონსონი და სინოფარმი.
31 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 138 914 ადამიანია აცრილი.