logo
ENG



გამყრელიძე: ყველა აცრილი ადამიანი ორენოვან დამადასტურებელ ცნობას მიიღებს

13 მარ 202113:14
3 წუთის საკითხავი
 
გამყრელიძე: ყველა აცრილი ადამიანი ორენოვან დამადასტურებელ ცნობას მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის აცრის გაკეთების შემდეგ ყველა მათგანი შესაბამის ცნობას მიიღებს. 

"ყველა აცრილ ადამიანს მიეცემა დამადასტურებელი ცნობა, რომ ის აიცრა ამა და ამ ვაქცინით, ამა და ამ დღეს. ეს არის ორენოვანი ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება მას მოაწერს ხელს და დაარტყამს ბეჭედს". - თქვა გამყრელიძემ. 

მისივე თქმით: 

"ამცრელი ბრიგადები დაკომპლექტებული იქნება სამი ადამიანისგან – ამცრელი, ექიმი, ვინც სპეციალური კითხვარით ეკითხება ასაცრელ პიროვნებას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და რეგისტრატორი, ვისაც იმუნიზაციის ელექტრონულ სისტემაში შეჰყავს მონაცემები".

AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის პირველი - 43 200 დოზა ვაქცინა საქართველომ დღეს, 13 მარტის დილას მიიღო. 

ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება. ვაქცინაციისთვის შერჩეულია 82 დაწესებულება. 

პირველ რიგში სამედიცინო პერსონალი აიცრება. 

ვაქცინაციის მსურველებმა ჯავშანი შესაბამის პორტალზე უნდა გააკეთონ. 

NCDC-ის განცხადებით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს თქვა, რომ საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში დამატებითი პარტია შემოვა. 

თავდაპირველად საქართველოში ფაიზერის ვაქცინა თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა არაერთხელ გადაიწია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ბოლო განცხადების თანახმად, ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინები 22 მარტის კვირაში შემოვა, საუბარია ფაიზერის 29 250 და ასტრაზენეკას 129 600 დოზაზე.

მთავრობაში ამბობენ, რომ განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც, რომელიც ავტორიზაციას, მათივე თქმით, მალე გაივლის. 


close დახურვა