logo
ENG



გამყრელიძე ვაქცინაციაზე: დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია დამთავრება

15 მარ 202110:22
3 წუთის საკითხავი
 

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, თუ წლის ბოლომდე ქვეყანაში მილიონ 700 ათასამდე ადამიანის აცრა მოხდება, მოქალაქეები "ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდებიან".

ამის შესახებ გამყრელიძემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში განაცხადა, სადაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციის პროცესს დაესწრო.

"ორგანიზებულია სამი აცრის კაბინეტი ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით, რაც არის ამ პროცესისთვის აუცილებელი. გამოკითხვა ასაცრელი ადამიანის, მისი მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეყვანა, შემდეგ სამახსოვრო ბარათის მიცემა და ასე შემდეგ. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთად დიდი სოლიდარობით ვიქნებით ამ პროცესში და საქართველო დაამთავრებს. დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია დამთავრება. ჩვენ უნდა ავცრათ წელს მილიონ 600 ათასი - მილიონ 700 ათასამდე ადამიანი. თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყოპირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში ასტრაზენეკას 43 200 დოზაა შემოსული. მთავრობის ცნობით, დამატებით პარტიას მარტის ბოლომდე ელოდებიან, ასევე, მათივე ინფორმაციით, მარტის ბოლომდე უნდა შემოვიდეს 29 250 დოზა ფაიზერის ვაქცინაც.


close დახურვა