დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ლუგარის ლაბორატორიის კომპიუტერულ სისტემებზე კიბერთავდასხმა ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან განხორციელდა.
გამყრელიძის თქმით, ცენტრის საინფორმაციო სისტემა რამდენიმე დღის განმავლობაში შეფერხებით მუშაობდა.
"გამოძიება მიდის, რამდენიმე საგამოძიებო ორგანო მუშაობს ამ საკითხზე თუ რა არის დაზიანებული. უბრალოდ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ 2-3 დღის განმავლობაში ჩვენი საინფორმაციო სისტემები ოდნავ შეფერხებით მუშაობდა. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური თემა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის, რომელსაც ის იყენებს ხოლმე გარკვეულ დაძაბულ პერიოდებში სხვადასხვა მიზნით. მთავარი თემა მანდ არის თუ რატომ თანამშრომლობს ასე კარგად საქართველო აშშ-სთან და მთავარი პარტნიორია", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოზე 2019 წლის 28 ოქტომბერსაც განხორციელდა. კიბერშეტევის მსხვერპლი სახელმწიფო უწყებები და მედია ორგანიზაციები იყვნენ. 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის შედეგად დაზიანდა ორგანიზაციების სერვერები, მართვის სისტემა და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.