დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, პრემიერმინისტრის დავალებით, შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმაზე მუშაობენ.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, შეზღუდვები ზუსტად იგივე პრინციპით მოიხსნება, როგორც გაზაფხულზე.
"პრემიერმინისტრისგან არის დავალება, რომ ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებმა, როგორც გახაფხულზე შევიმუშავეთ ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა, ასეთი გეგმა ამ 2 დღის განმავლობაში უნდა შემუშავდეს, რომლის მონახაზიც, პრინციპში, არსებობს, რომ ერთბაშად არ გაიხსნას და ერთბაშად არ მოხდეს შემსუბუქება და ეს იყოს ეტაპობრივი. ანუ 1 ან 2 კვირა გაიხსნება რომელიღაც 1 ან 2 ბიზნესი, შემდეგ დაკვირვება მოხდება, რას მოიტანს ეს და დადებითობის მაჩვენებლის და კიდევ რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით მიიღება გადაწყვეტილება, მეორე ეტაპზე რა შემსუბუქდეს და ა.შ", - თქვა გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მისი თქმით, ზოგადად ვითარება სტაბილიზაციისკენ მიდის, თუმცა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.