logo
ENG



განჩინება: იმედია, დელიმიტაციის პროცესი ისტორიული ტერიტორიების ხელყოფის გარეშე წარიმართება

12 თებ 202121:42
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/12/ebi4uq3zv7qinr5.jpg

წმინდა სინოდმა დავით გარეჯის საკითხზე იმსჯელა. სინოდის განჩინების თანახმად, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის კომპლექსის დღევანდელი სადაო მონაკვეთის, მონასტრები: ჩიჩხიტური და უდაბნო, - წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიული, სარწმუნოებრივი და კულტურული იდენტობის ნაწილს.

როგორც განჩინებაშია ნათქვამი, 1938 წლის სასაზღვრო მდგომარეობის დამდგენ უპირატეს და ლეგიტიმურ კარტოგრაფიულ მასალას 1936-38 წლებში დაბეჭდილი 1:200 000-იანია მასშტაბის რუკა წარმოადგენს, რომლის არგამოყენებასაც ედავებიან კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას.  

"დავით გარეჯის აღნიშნულ მონაკვეთთან მიმართებაში საქართველოს საპატრიარქო, 2007 წლიდან მოყოლებული, მუდამ აფიქსირებდა თავის პოზიციას და აღნიშნული საკითხისადმი ჩვენი დამოკიდებულება დღემდე უცვლელია; კერძოდ, 1996 წლიდან ამ სასაზღვრო შეუთამხმებელ მონაკვეთში, ჩვენს სახელმწიფოთა შორის არ მომხდარა სხვა რაიმე იურიდიული შეთანხმება, რაც არსებულ დე-ფაქტო მდგომარეობას შეცვლიდა, ხოლო საერთაშორისო სამართლის ნორმებით სახელმწიფოთა მხრიდან დაუშვებელია დე-ფაქტო მდგომარეობის ცვლილება ცალმხრივად, რაც სამწუხაროდ განხორციელდა 2007 წელს მონასტერ ჩიჩხიტურთან და 2019 წელს მონასტერ უდაბნოსთან მიმართებაში, რის შედეგადაც სასულიერო პირებს, მომლოცველებს და გარეჯის კულტურული მემკვიდრეობის სანახავად ჩასულ პირებს აეკრძალათ ჩვენი წმინდა მონასტრების მოლოცვა-მონახულება.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ჩვენს მეგობარ და პარტნიორ აზერბაიჯანის სახელმწიფოსთან აწარმოოს მოლაპარაკება, რათა, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, აღდგეს 2007 წლამდე ჩიჩხიტურის მონასტრის და 2019 წლამდე უდაბნოს მონასტრის ტერიტორიებთან დაკავშირებული სტატუს-კვო, რა დროსაც ორივე მონასტერს ქართული მხარე განაგებდა.

ვიმედოვნებთ, განახლებული დელიმიტაციის პროცესი წარიმართება ისე, რომ არ მოხდება ჩვენი ქვეყნის იმ ისტორიული ტერიტორიების ხელყოფა, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებით, იურიდიულად და კარტოგრაფიულად საქართველოს კუთვნილებაა", – წერია განჩინებაში. 

ცნობისთვის, მეუფე დავითმა საპატრიარქოს ტელევიზიასთან განაცხადა, რომ 200 000-იანი მასშტაბის რუკა, რომელსაც კარტოგრაფები ხარვეზიანად მიიჩნევენ და მოლაპარაკებებში გამოსაყენებლად უვარგისად თვლიან, სინოდმა საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მთავარ დოკუმენტად დაადგინა. 

 


close დახურვა