logo
ENG



გაფრინდაშვილის ოჯახი კვირას აქციას აანონსებს

13 დეკ 201920:27
3 წუთის საკითხავი
 
fuumdrv799o6337.jpg

უკანონო ტყვეობის 35-ე დღე, - ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპანტები ისევ ციხეში ტოვებენ. მიუხედავად შექმნილი მოლოდინისა, ხელისუფლების დაპირებისა და საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების რეაგირებისა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ.-მა  რაიონულმა სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ქართველი ექიმი ჩვენებას არ ცვლის და ე.წ.  საზღვრის არსებობას არ აღიარებს , რის გამოც ის ისევ პატიმარია.

ე.წ ცხინვალის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრები, გაფრინდაშვილის მეუღლე პრემიერ მინისტრთან შეხვედრას ითხოვს და კვირას სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზთან აქციას აანონსებს.

„ეს რაღაც ხარვეზებზე მიგვითითებს, რომელიც გამოსასწორებელია, ჩვენ მთელი ოჯახი და ჩვენი მეგობრები ყველანაირად ვცდილობთ და ვაკეთებთ მაქსიმუმს, მაგრამ როგორც ჩანს სახელმწიფოს ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ამ ხმაურმა რადგან შედეგი არ მოგვცა ჩვენთვითონ ჩამოვყალიბდით ამაზე, რომ საჭიროა აუცილებლად უწყებათაშორისი კომისიის შექმნა, ამ კომისიაში უნდა შევიდეთ ჩვენ, ოჯახის წევრები და მეგობრები. პირველად ვითხოვთ პრემიერ მინისტრთან შეხვედრას რადგან მან დააკორექტიროს ყველაფერი....

რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა; ჩვენ, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ის ადამიანი, რომელსაც გული შესტკივა და აწუხებს პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნა, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, ვიკრიბებით კვირას“,-განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ე.წ ცხინვალის სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულნი არიან ვაჟა გაფრინდაშვილის კოლეგებიც, გორის ცენტრალურ კლინიკაში „გორმედში“ ექიმები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ ძალისხმევა უნდა გააძლიერონ იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან მალე გათავისუფლდეს. 

„გადასული იყო პაციენტის დასახმარებლად, ეს სირცხვილია რომ ადამიანის დახმარებისთვის ადამიანი სასჯელს იხდიდეს, ჩვენი მოთხოვნა იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, რომ გააკეთონ განცხადებები, იმოქმედონ, რომ მოხდეს ბატონი ვაჟას განთავისუფლება.... ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვჭირდეს თითოეულ ჩვენთაგანს პაციენტთან მისვლა და თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება მოხვდეს ამ ტერიტორიაზე“,-განაცხადა მერაბ მაისურაძემ.

კონკრეტულად რა ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ეს არ ვიცით, ვინაიდან მმართველი გუნდის წარმომადგენლები დეტალურ განმარტებებს არ აკეთებენ.

ვაჟა ექიმის პატიმრობაში დატოვებას დღეს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა, ზურაბიშვილი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს ექიმის გათავისუფლება. 

„ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა უნდა გაძლიერდეს“,-ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელი, გაფრინდაშვილის პატიმრობაში დატოვების ფაქტს, მისი თქმით აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ უკანონობაზე რაც გამეფებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

„იყო იმედები, მართლაც გახმაურებული საკითხია და ძალიან ბევრი სხვადასხვა ტიპის გზავნილი იყო, თუმცა ჯერჯერობით ეს არ არის საკმარისი, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ აბსოლუტურ უკანონობაზე, რომელიც გამეფებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეს ნიშნავს ასევე იმას რომ უნდა გაგრძელდეს და კიდევ უფრო გააქტიურდეს და სხვა ტიპის მოქმედებებზეა საჭირო გადასვლა “,-განაცხადა გიგი წერეთელმა.


close დახურვა