logo
ENG



გაყოფილი ოჯახები და მძევლები ახალგორში - რა ხდება ოკუპირებულ ახალგორში

18 იან 202020:08
3 წუთის საკითხავი
 
8zyq4te6sqoi6e0.jpg

გაყოფილი ოჯახები და მძევლები ოკუპირებულ ახალგორში - რეგიონი უკვე მე-5 თვეა იზოლირებულია. ამ ფაქტმა ადგილობრივი მოსახლეობა ჰუმანიტარული კრიზისის ზღვარზე მიიყვანა. 

ამ ფონზე საოკუპაციო რეჟიმის ლიდერი საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს. კერძოდ, ბიბილოვი ამბობს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ არ გაუქმდება წნელისის ქართული საგუშაგო. 

რთული ფეხმძიმობის გამო მრავალშვილიანი დედა სამშობიაროდ ახალგორიდან თბილისში ჩამოვიდა. ელოდებოდა მეუღლესაც მაგრამ ოკუპანტებმა საზღვარი ჩაკეტეს. პატარა საბა უკვე 5 თვის ხდება და ჯერ მამას არ იცნობს. მრავალშვილიანი დედა ახლა წეროვანშია და 4 შვილს მამის გარეშე ზრდის. ახალგაზრდა ქალი მწირი სოციალური დახმარებისა და ხალხის დახმარებაზეა დამოკიდებული. მამა უკვე 5 თვეა არ უნახავთ ბავშვებსაც. იმის გამო, რომ ახალგორში ხშირად არც ელექტროენერგია აქვთ და არც კომუნიკაციებია გამართული,  შვილები მამას ვიდეოზარითაც ვერ ეკონტაქტებიან. 

ახალგორიდან ჩამოსულ ბავშვებს წეროვანის სკოლაში ასევე ახალგორიდან იძულებით ჩამოსული მასწავლებელი ასწავლის. ნანა გიგაურსაც ოჯახის წევრები ოკუპანტების ტყვეობაში ჰყავს. ოჯახის წევრები სამკურნალოდ ვერც თბილისში ჩამოჰყავს, ამიტომ იძულებულია ალტერნატიული გზა მოძებნოს, რომ ოკუპანტების ტყვეობაში დარჩენილებს მედიკამენტები გადაუგზავნოს. 

ვინც ოკუპანტების ტყვეობას გადაურჩა, ახლა გადარჩენისთვის საკუთარი ძალებით საქართველოს მეირ კონტროლირებად ტერიტორიაზე იბრძვის. ისინიც ახალგორელების მსგავსად თავს მიტოვებულად გრძნობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლება მათი მძიმე ყოფით არ დაინტერესებულა.

საზღვრის ჩაკეტვის შემდეგ წეროვანში მხოლოდ ერთხელ ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდა, იმ დღეს, როდესაც ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლეს. მინისტრი სტანდარტული განცხადებებით შემოიფარგლა, რასაც ამ ადამიანების ყოფის შემსუბუქება არ მოჰყოლია. საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობისთვის ახალგორის ​​მცხოვრებლებიც აკრიტიკებენ. 

ახალგორში საუბრობენ, რომ ე.წ. საზღვარი ორი წელი არ გაიხსნება. ინფორმაცია მოსახლეობამ დე-ფაქტო პარლამენტარისგან მოისმინა. აღნიშნული ე.წ. დეპუტატი ბიბილოვმა ახალგორში მიავლინა და ის ულტიმატუმი განუმარტა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ეფ-ეს-ბეს მაღალჩინოსნების თანდასწრებით წაუყენა. 

"კრემლის ერთგული ჯარისკაცი, რომელიც რუსეთის საზღვარს იცავს" - ასეთია ექსპერტების შეფასება, რომლებმაც საოკუპაციო რეჟიმის მარიონეტი პრეზიდენტის განცხადება მოისმინეს. ანალიტიკოსები ოკუპანტების ქმედებას ეგზეკუციასთან და ტერაქტთან აიგივებენ და იმ ბერკეტებზე მიანიშნებენ, რომელიც ოფიციალურ თბილისს აქვს, მაგრამ არ იყენებს. 

როდის დაიწყებს ხელისუფლება რეალური ნაბიჯების გადადგმას, რომ რუსეთ-საქართველოს ომს გადარჩენილი ხალხი ჰუმანიტარული კატასტროფისგან იხსნას - ეს არის კითხვა, რომელიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებლებს უკვე 11 წელია ერთნაირად აწუხებთ, თუმცა სრულ იზოლაციაში დარჩენის შემდეგ პასუხი ამ კითხვაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 


close დახურვა