logo
ENG



გაჩერებული ეკონომიკის ფონზე ეკონომისტები და ოპოზიცია უფრო ცუდ შედეგებს პროგნოზირებენ

30 აპრ 202020:23
3 წუთის საკითხავი
 

ეკონომისტები და ოპოზიცია მოსახლეობას უფრო ცუდი სცენარისთვის მზადებას ურჩევენ. შემცირებული იმპორტი - ექსპორტი, ვაჭრობა, ტურიზმი -  გაჩერებული ეკონომიკა - კორონავირუსით მიყენებული ზარალის ამსახველი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა. მარტის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 2.7.%-ით შემცირდა. 

ეკონომიკური სტაბილურობა კოვიდ 19-მა თითქმის ყველა სექტორში შეიწირა.  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, ეკონომიკური კლებაა საბითუმო და საცალო ვაჭრობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის, ელექტროენერგიის, აირის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ხელოვნების, გართობის და დასვენების, დამამუშავებელი მრეწველობის, ასევე უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობის სექტორებში. 

ოფიციალური მონაცემებით, ერთადერთია ინფრასტრუქტურისა და ინფორმაცია-კომუნიკაციის სექტორები, სადაც ეკონომიკური კლება არ დაფიქსირდა. 38%-ით არის შემცირებული ქვეყანაში ავტომობილების რეექსპორტი. თითქმის 50%-ით კი ახალი საწარმოების რეგისტრაციაც. 

ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვაზე დაწესებული უფრო მკაცრი შეზღუდვების გამო, სავარაუდოა, რომ აპრილში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები მარტთან შედარებით კიდევ უფრო გაუარესდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს საქართველოში 4%-იან ეკონომიკურ კლებას პროგნოზირებს. ამ ფონზე სულ უფრო იზრდება დაკვეთა ხელისუფლების მიმართ, წარმოადგინოს ეკონომიკის სტიმულირების გრძელვადიანი, ეფექტიანი გეგმა და არა დახმარების ის პაკეტი, რომელიც სპეციალისტების თქმით, ეკონომიკური კრიზისის დაძლევას საერთოდ ვერ ემსახურება.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეკონომიკური რეცესია გაგრძელდება. თუმცა როდემდე - პროგნოზს ვერ აკეთებენ. ამბობენ, რომ ეკონომიკური კრიზისის მიზეზი მსოფლიო პანდემიაა, თუმცა რამდენად მტკივნეული იქნება ის მოქალაქეებისთვის, ეს უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობა.


close დახურვა