ანანია გაჩეჩილაძე, რომელმაც POSTV-ის ხელმძღვანელი, ქართული ოცნების პროპაგანდისტი შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა ამბობს, რომ პოლიციიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე შეუთანხმდნენ.
როგორც გაჩეჩილაძემ ფორმულას გადაცემა ღამის კომენტარში განაცხადა, მას სახალხო დამცველის აპარატიდანაც დაუკავშირდნენ.
ანანია გაჩეჩილაძისა და შალვა რამიშვილის აუდიო ჩანაწერი შაბათის ფორმულამ მოიპოვა. აუდიომასალაში ისმის, რა ინტიმურ თემებზე ესაუბრება რამიშვილი ახალგაზრდა ქალს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება - სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის, როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი ქალს, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.
"პოლიციიდან დამიკავშირდნენ ორშაბათს, საღამოს საათებში, მას შემდეგ რაც 2 დღით ადრე მიმართული მქონდა ელექტრონულად და შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ვაპელირებდი მათი მხრიდან უკონტაქტობაზე. დამიკავშირდა პოლიციიდან ქალბატონი, საკმაოდ კარგი განწყობა დამრჩა მასთან საუბრის შემდეგ, როგორიც უნდა გრჩებოდეს პოლიციასთან საუბრის შემდეგ, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში ეს ასე არ არის და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ჯერჯერობით, ამ ეტაპისთვის. შევთანხმდით შეხვედრაზე, კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, შედგება უკვე ჩვენი შეხვედრა და მთხოვეს ამ ჩანაწერის სრულად მიწოდება, რაზეც მივაწოდე ინფორმაცია, რომ დიახ, ვფლობ ამა და ამ ჩანაწერს.
ასევე, დღის მეორე ნახევარში, რაც იოსელიანმა გაავრცელა თავისი მიმართვა, დამიკავშირდნენ ასევე სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი დეპარტამენტიდან და დამისვეს შეკითხვა, თუ რით შეუძლიათ დამეხმარონ. ჩემი პასუხი არის შემდეგი, რომ მსურს, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლოს ეს საქმე და დაადგინოს, მოხდა თუ არა შალვა რამიშვილის მხრიდან ჩემი სექსუალური შევიწროება", - თქვა ანანია გაჩეჩილაძემ.
ჟურნალისტმა მაკო ჯაბუამ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში 21 მარტს ამხილა. ამის შემდეგ რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში კიდევ რამდენიმე ქალმა ამხილა. მათი ისტორიები მსგავსია. როგორც ქალები ამბობენ, ისინი გასაუბრების დროს შეავიწროვეს. სექსუალური შევიწროების ბრალდებებს უარყოფს შალვა რამიშვილი.
ისტორიების მოყოლის შემდეგ ორგანიზებული თავდასხმა დაიწყო თათია სამხარაძის მიმართ. თათია სამხარაძე ერთ-ერთია, ვინც POSTV-ის ხელმძღვანელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. მან რამიშვილს ტელეკომპანია იმედში ყოფნის დროს, 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის 3 იანვარს შალვა რამიშვილს სექსუალური შევიწროების საქმეზე საქალაქო სასამართლომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რამიშვილმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა მოსამართლემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი ინსტანციის გადაწყვეტილება რამიშვილს უზენაეს სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია.
26 მარტს სამხარაძემ Facebook-ზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ სამთავრობო პროპაგანდისტული POSTV იტყუება, თითქოს ის დიმა ჩიქოვანის სახლიდან ვერ გამოდის, რადგან ჩალურჯებები აქვს. სამხარაძემ ამის საპირისპიროდ ვიდეო სახლიდან ჩაწერა, რომელშიც ჩანს, რომ დაზიანებები არ აქვს.
112-ში პროპაგანდისტული ტელევიზიის POSTV-ის მიერ განხორციელებული ცრუ შეტყობინების გამო 24 მარტს გვიან ღამით ნაციონალური მოძრაობის წევრის დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლში პოლიცია მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
უწყებაში POSTV-ის პროპაგანდისტმა, ნათია ბერიძემ დარეკა და განაცხადა, რომ ჩიქოვანმა, სავარაუდოდ, თათია სამხარაძე გაიტაცა. პოლიციელებმა დანაშაული ვერ დაადგინეს - ენმ-ის გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ ეს იყო ცრუ დასმენა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, დიმა ჩიქოვანის მიმართ მოწყობილი შეგნებული პროვოკაცია.
მომხდარის შესახებ თათია სამხარაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებები პოსტივისთან ერთად "ჰიბრიდულ სპეცოპერაციებს დგამენ და ცრუ დასმენით, თითქოს მე გატაცებული ვიყო სახლში უვარდებიან ოპოზიციური პარტიის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს. აი ასე, პროვოკაციულად უდანაშაულო ადამინს აბრალებენ სისხლის სამართლის უმძიმეს დანაშაულს."
სამხარაძის თქმით, მისი უსაფრთხოება, როგორც ქალთა უფლებადამცველის, საქართველოში საფრთხეშია.