logo
ENG



გახარია: ბათუმში ეპიდემიოლოგიური ციფრები თუ შემცირდება, დაწესებულ შეზღუდვებს მოვხსნით

07 ოქტ 202013:27
3 წუთის საკითხავი
 
v3enznxyz8hy15a.jpg

ბათუმის მოსახლეობის მიერ 6 სექტემბერს გამართულ აქციას, რომლის მონაწილეებიც ტრანსპორტის და სამუშაო ადგილების აღდგენას ითხოვდნენ, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, როგორც კი ინფიცირებულების რაოდენობა ბათუმში შემცირდება, დაწესებული შეზღუდვებიც მოიხსნება. 

"ბათუმის შემთხვევაში, როგორც კი ეპიდემიოლოგიურ ციფრებს დავინახავთ, რომ ქვემოთ წამოვა, ამ შეზღუდვებსაც მოვხსნით. 1 კვირით, 1 თვით ან 2 თვით გაგრძელებული შეზღუდვები დისკომფორტს უქმნის ადამიანებს და სოციალურ ფონსაც ამძიმებს, მაგრამ მას შემდგომ, რაც ეს ყველაფერი სრულდება, ჩვენ სოციალური დახმარების საკმაოდ სერიოზული სტრუქტურა და პაკეტი გვქონდა შეთავაზებული. ამას ყველაფერს გავაგრძელებთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სისტემური შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, მაგრამ თუ საჭირო გახდება დაწესდება წერტილოვანი შეზღუდვები. 

"ბათუმში ქვეყნის სხვა რეგიონებისგან განსხვავებით ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არის შედარებით მძიმე. შესაბამისად, შეზღუდვებიც ბათუმში არის შედარებით მძიმე. ჩვენ არ ვაპირებთ ქვეყნის მასშტაბით სისტემური შეზღუდვების დაწესებას, რაც ნიშნავს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, გარკვეული სექტორების სრულად დახურვას, მაგ.რესტორნების. ამას არ ვაპირებთ. იქ სადაც ეს ღონისძიებები აუცილებელი და ეფექტური იქნება, ვაპირებთ წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებას. 

აჭარაში ან ბათუმში, თუ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით უფრო მძიმე შეზღუდვები დავაწესეთ, რომელმაც პირდაპირ იმოქმედა ადამიანების და ოჯახების შემოსავალზე, რა თქმა უნდა, ამაზეც ვიფიქრებთ, როგორ დავეხმაროთ მათ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტრანსპორტზე შეზღუდვების მოხსნისა და სოციალური დახმარების მოთხოვნით, ბათუმში მთავრობის სახლთან 7-მა მოქალაქემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის გავრცელების გამო, ხელისუფლებამ ბათუმში შეზღუდვები დააწესა. 25 სექტემბრიდან, აჭარაში მუნიციპალური ავტობუსებისა და სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობა აიკრძალა, ხოლო 26 სექტემბრიდან შეჩერდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. შეზღუდუდულია რესტორნების მუშაობაც. დაკეტილია სხვადასხვა გასართობი ობიექტი.


close დახურვა