პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 7 აგვისტოს განაცხადა, რომ დევნილებს 251 საცხოვრებელი გადაეცემა. ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენლებმა ღონისძიება მოაწყვეს კომპანია დირსის კორპუსებთან, რომელსაც დევნილი ოჯახებიც ესწრებოდნენ.
"ჩვენი ვალია, გარდა იმისა, რომ ვიზრუნოთ თქვენს ყოველდღიურ კომფორტულ ცხოვრებაზე, უნდა ვიზრუნოთ იმაზეც, რომ დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე, ჩვენს სახლებში და ეს მერე უნდა დაგვრჩეს აქ, როგორც დამატებითი საჩუქარი. არ არსებობს სხვა გზა მშვიდობის გარდა, ჩვენი ყველაზე დიდი შრომაა ის, რომ დავუბრუნოთ ჩვენი მიწა მშვიდობიანი გზით", - თქვა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.
გიორგი გახარია აგვისტოს ომის 12 წლისთავს ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა. პრემიერის განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს და წარსულის შეცდომები აღარ განმეორდება.