logo
ENG



გახარია: პირველ ტალღას გავუმკლავდით, როგორც ერთერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში

12 ოქტ 202014:58
3 წუთის საკითხავი
 
frsrp4aebkxnyip.jpg

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ბორჯომში ადგილობრივი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველ ტალღის გამკლავებაში ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

პრემიერის თქმით, საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ პირველის მსგავსად, მეორე ტალღასაც წარმატებით გაუმკლავდეს.

"მესმის და ყველას გვესმის, რომ ტურისტი დაგვაკლდა, კოვიდის გამო მთლიანად მსოფლიოში მოგზაურობა შემცირდება, მაგრამ ეს ხომ დროებითია, ყველა ხომ კარგად ხვდებით, რომ ჩვენ პირველ ტალღას გავუმკლავდით, როგორც ერთერთი საუკეთესო ქვეყანა ევროპაში. ძირითადი მიზანი არის ის, რომ სწრაფად დავიწყოთ ეკონომიკის აღდგენა და სწრაფად აღვადგინოთ სამუშაო ადგილები", - აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური და ეპიდემიოლოგიური ვითარებისა, ქართულმა ოცნებამ 31 ოქტომბრის არჩევნებში ძალადობისგან თავისუფალ გარემოში უნდა გაიმარჯვოს.

აღსანიშნავია, რომ მარტის თვეში, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევები გამოვლენისთანავე, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა - მათ შორის, მოქმედებდა კომენდანტის საათი. სექტემბრის თვიდან საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა მკვეთრი აღმავლობა დაიწყო.

ჯანდაცვის დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი ტალღა არც ყოფილა.

ინფექციონისტ გიორგი კანდელაკს მიაჩნია, რომ საქართველოში საწყის ეტაპზე აღინიშნებოდა ვირუსის მინიმალური აქტივობა და სავარაუდოდ, პირველი ტალღა სწორედ ახლა ვითარდება.

"გველის თუ არა COVID-ის მეორე ტალღა? პირველ რიგში, სანამ განსახილველ თემაზე გადავალთ, დავაზუსტებ, რომ ეს საკითხი ჩვენ, საქართველოს, არ გვეხება, რადგან საქართველოში აქამდე იყო მინიმალური გავრცელება და ჩვენ როგორც ასეთი ეპიდემიური ტალღა არ გვქონია ჯერჯერობით, აღინიშნებოდა ვირუსის მინიმალური აქტივობა მხოლოდ და სავარაუდოდ, პირველი ტალღა სწორედ ახლა ვითარდება", - აღნიშნავს კანდელაკი.

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ე.წ. პირველი ტალღა, დიდი ციფრებით და შემდგომი ნორმალიზებით, საერთოდ არ ყოფილა.

"ჩვენთან ამ ტალღებზე ლაპარაკი ცოტა უადგილოა, ვინაიდან ჩვენ დასაწყისიდან აგვისტომდე შემთხვევათა ძალიან დაბალი, დაახლოებით თანაბარი დღე-ღამური მაჩვენებელი გვქონდა, ანუ ე.წ. პირველი ტალღა დიდი ციფრებით და შემდგომი ნორმალიზებით ჩვენთან საერთოდ არ ყოფილა და ეპიდემიოლოგიური მრუდი პრინციპში თანაბარი იყო მინიმალური მერყეობებით", - აცხადებს ბუწაშვილი.

რაც შეეხება ქვეყანაში ამ დროისთვის არსებულ ეპიდსიტუაციას. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 6 538 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 93 კი გარდაიცვალა. 

ოფიციალური მონაცემებით, უკანასკნელ რვა თვეში საქართველოს ეკონომიკა 5.6%-ით შემცირდა. აგვისტოს მონაცემებით კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 95.4%-ით შემცირდა.


close დახურვა