"კომპანიებს რომლებიც სასტუმრო ბიზნესში არიან ჩართული, სესხის თანადაფინანსების პროგრამა 6-დან 12 თვემდე გაუგრძელდებათ", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, სექტორის დასახმარებლად ეს ერთადერთი შესაძლებლობაა.
"ეკონომიკური კრიზისის მიმართულებით პირველი ნაბიჯი რომელიც გადავდგით, ეს იყო ტურისტული სექტორის და პირველ რიგში, სასტუმრო ბიზნესის დახმარება. სამ თვეში გამოჩნდა, რომ ეს ნაბიჯი არ იყო საკმარისი. შემდეგ ჩვენ ამ კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სასტუმრო ბიზნესში სესხის თანადაფინანსების პროგრამა გავუგრძელეთ 3 თვიდან 6 თვემდე. უკვე ჩანს, რომ ესეც არ იქნება საკმარისი, ამიტომ დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება ეს სესხის თანადაფინანსების სუბსიდირების საპროცენტო განაკვეთის პროგრამა გავაგრძელოთ 6-დან 12 თვემდე, 1 წლით. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ჩვენს სექტორს დავუდგეთ გვერდით, რამეთუ მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილად მაგრამ ოპტიმიზმის შესაძლებლობას გვაძლევენ, ტურიზმის სექტორი არის ის სექტორი, რომელიც ჯერ კიდევ სერიოზული წნეხის ქვეშაა", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, იმ კომპანიებს, რომლებმაც პროგრამაში ჩართვა ამ დრომდე ვერ მოახერხეს, რეგისტრაცია 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე შეეძლებათ.
"გარდა ამისა, ის კომპანიები, რომლებმაც ვერ მოახერხეს ამ 6 თვის განმავლობაში გამხდარიყვნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები, მათთვის შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნება 1 თვით, 10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე და დამატებით 6 თვის კომპონენტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება ყველა კომპანიას, თუნდაც მას ჯერ არ მიუღია ამ კომპონენტში მონაწილეობა. ეს აძლევს შესაძლებლობას მცირე სასტუმროებს, გახდნენ ამ პროგრამის ბენეფიციარები. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავეხმაროთ სექტორს და შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.