პრემიერმინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს და ბავშვებმა სწავლა საკლასო ოთახებში განაგრძონ.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დღეს გაიმართება საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც კლასებში სასწავლო პროცესის აღდგენას განიხილავენ.
"დღეს გვექნება საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა, რომელზეც განვიხილავთ სასწავლო პროცესის აღდგენას ქვეყანაში. რისკების გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც უნდა აღდგეს და ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ", - განაცხადა გახარიამ.
სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში უნდა განახლებულიყო, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურად აღდგა. მთავრობაში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესი კლასებში 1-ლი ოქტომბრიდან აღდგება.