მთავრობაში კორონავირუსთან დაკავშირებით გამართული უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სისტემას მიეცა დავალება, რათა უახლოეს ხანებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი.
გახარიას თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.
"ინფიცირების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში. თუმცა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის. დღეს საქართველოში ინფიცირების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც ეპიდემიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დამატებითი სიმკაცრე უკვე მიღებული ღონისძიებების აღსრულებაში არ უნდა გამოვავლინოთ", - განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, ქვეყანაში დღეში საშუალოდ 8 000 PCR ტესტი კეთდება და ეს ციფრი უახლოეს ხანებში 10 000-მდე გაიზრდება.
"დღეს ქვეყანაში დღეში საშუალოდ 8 000 PCR ტესტი კეთდება. ზუსტად უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა გაიზრდება 10 000-მდე. ჰოსპიტალურ სისტემაში ყველა პრევენციული მექანიზმი, 112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, კანრანტინი, ჰოსპიტალი - ეს მუშაობს საათივით. დღეის მდგომარეობით ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3 000 საწოლი იმისთვის, რომ თუ შემთხვევები გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად მკურნალობა", - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.
დღეს, 11 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალ შემთხვევებს შორის, ყველაზე მეტი, 29 ინფიცირებული ბათუმიდან არის.
სულ ქვეყანაში, დღეის მდგომარეობით ინფიცირების 1 917 შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 20-ით გაიზარდა და 1354-ს შეადგენს. 19 ადამიანი ვირუსის შედეგადაა გარდაცვლილი.