პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ის, რომ ვირუსის მართვასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს, არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვას შეუზღუდავი რესურსი აქვს.
როგორც გახარიამ თქვა, იმისთვის, რომ ქვეყანამ შეზღუდვებს თავი აარიდოს, მოსახლეობამ ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციები უნდა დაიცვას.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ამ გაზრდილი რაოდენობის და სწრაფი გავრცელების მართვასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჯანდაცვის სისტემის რესურსი არის შეუზღუდავი.
ყველას კარგად უნდა ავუხსნათ, რომ ნებისმიერ რესურსს და პირველ რიგში, ჯანდაცვის სისტემის რესურსს აქვს თავისი შეზღუდვები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ [...] ჯანდაცვის სისტემის რესურსი ამოწურვადია და ეს არის ყველაზე დიდი რისკი.
შეზღუდვებს რომ თავი ავარიდოთ, უნდა დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები - პირბადე, დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ხანდაზმულ ადამიანებზე ზრუნვა, განსაკუთრებით აჭარაში. ჩვენ არ ვამბობთ არავისთვის, რომ დარჩით სახლში, მაგრამ ხანდაზმულ ადამიანებს რომ ვუთხრათ, რომ დარჩით სახლში, ახლა არის სწორი მომენტი ამისთვის",- თქვა გახარიამ.
დღეს, 5 ოქტონბერს ქვეყანაში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 375 ადამიანი, გარდაიცვალა - 2. 45 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია, მათგან 43 - მართვით სუნთქვაზე.
ჩნდება რისკი, რომ კლინიკებმა კოვიდინფიცირებულები ვერ დაიტიოს.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 640 PCR ტესტირება ჩატარდა.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 8 696 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 4 619 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 52 კი გარდაიცვალა.