logo
ENG



გახარია ოპოზიციას: ამორალურები ხართ, მე მაკო გომურის სახელს დღეში ათასჯერ არ ვიყენებ

26 ივნ 202017:41
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ დღეს საზოგადოების წევრები შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ შტურმის აღკვეთას.

გახარიამ ოპოზიციონერი დეპუტატები ამორალურ ქცევაში და 20 ივნისს დაზარალებული ადამიანების ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დაადანაშაულა.

"20 ივნისი მნიშვნელოვანი თემაა. არ არის სწორი, როდესაც ამ თემით სპეკულირება ხდება. 20 ივნისის საბოლოო შეფასება იქნება ჩვენი მოქალაქეების შეფასება, რომლების შეაფასებენ, როგორც სამართალდამცავი სისტემის მიერ შტურმის აღკვეთას. ეს შეფასება დღესაც ასეა, თქვენ არ ნებდებით უბრალოდ. 

გავრილოვის შემოსვლა ამ შენობაში და ამ სავარძელში იყო აბსოლიტურად მიუღებელი. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა, შეიძლება დანაშაულიც. პოლიტიკური განზომილება, რაზეც პოლიტიკურმა ძალამ პასუხი აგო და პოლიტიკური ფასი გადაიხადა, ამიტომ თუ კიდევ რამე იქნება გადასახდელი აგერ არჩევანი იქნება და ჩვენი მოქალაქე მოსთხოვს. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გვერდით იდგნენ და უყურებდნენ, როდესაც ჩვენი მოქალაქეები აი ამ პროტესტის დროს, რომელიც მშვიდობიანის შემდეგ გახდა ძალადობრივი, და არ მიუთითებდნენ, რომ ეს არის დანაშაული.

პოლიციელებზე თავდასხმა და პარლამენტის შენობაში შეჭრა ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამიტომ ამას შესაბამისი ფასი ექნება. საბოლოო ჯამში ეს იქნება შემთხვევა, როდესაც ქართველმა პოლიციამ შტურმით პარლამენტის შენობაში შეჭრა არ დაუშვა. ცუდია, რომ ადამიანები დაშავდნენ. 

თქვენ არ წუხართ იმიტომ, რომ თქვენ იმდენად ამორალურად იქცევით, რომ ამ ადამიანების ტრაგედიას პოლიტიკურად იყენებთ. მე მაკო გომურის სახელს დღეში ათასჯერ არ ვიყენებ. ეს არის მორალური სხვაობა ჩემსა და თქვენს შორის.

20 ივნისი რად მიღირდა, იცით? ამ ქვეყანაში მეოთხედ, მეხუთედ და მეათედ პოლიტიკური წესრიგი პარლამენტში შეჭრითა და ძალადობით არ უნდა შეიცვალოს. აი, ამად მიღირდა 20 ივნისი და ამას იმხელა ფასი აქვს, რომელიც თქვენ შეიძლება ვერ წარმოგიდგენიათ იმიტომ, რომ ბევრი თქვენგანი, როდესაც ძალადობრივად ამ ქვეყანაში პოლიტიკური წესრიგი იცვლებოდა, ამაში მონაწილეობას იღებდა. ამიტომ უნდა მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ამიტომ უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომ აი, ეს პოლიტიკური ელიტა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შეიცვალოს და რომ არასდროს ამ ქვეყანაში კიდევ ძალადობით, პარლამენტში შეჭრით პოლიტიკური წყობა არ უნდა შეიცვალოს, უნდა შეიცვალოს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნებით. აი, ამად მიღირდა 20 ინვისი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც პრემიერს 20 ივნისის მოვლენების შესახებ არ უსაუბრია. ამ საკითხზე საუბარი გიორგი გახარიას ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ მოსთხოვა.


close დახურვა