რუხის მრავალპროფილური კლინიკა ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზადაა. საავადმყოფოს დღეს ხელოვნური სუნთქვის აპარატებიც გადაეცა, რაც კორონავირუსით ინფიცირების მძიმე შემთხვევების მართვისთვის აუცილებელია. საავადმყოფო ერთდროულად 100 პაციენტის მომსახურებას შეძლებს.
რუხის კლინიკაში დღეს პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფი მოქალაქეები გადმოდიან დახმარების მისაღებად, შესაბამისად, კლინიკას ამ კუთხითაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ყველა ადამიანი საჭირო დახმარებას მიიღებს.
"მოვუწოდებ რეგიონის თითოეულ მედიკოსს და ექიმს, რომ სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ. ამ საავადმყოფოს ფუნქციონირებას სხვა დატვირთვაც აქვს. მოგეხსენებათ, დიდი რაოდენობის ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან და რა თქმა უნდა, ჩვენ ხაზის ორივე მხარეს მყოფ მოქალაქეს დავეხმარებით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.