logo
ENG



გენპროკურორობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო - NGO-ები შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ

27 იან 202012:24
3 წუთის საკითხავი
 

საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორორბის კანდიდატების მოსმენა დღეიდან დაიწყო. საბჭოში წარდგენილ 17 კანდიდატს შორის გასაუბრება ანბანის მიხედვით იწყება და ის ლაივსტრიმით გადაიცემა.

პირველ კანდიდატთან, ვიქტორ ახალბედაშვილთან გასაუბრება ცოტა ხნის წინ დაიწყო. მან გასაუბრებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა. ახალბედაშვილმა იმედი კამოთქვა, რომ გასაუბრების ფარგლებში მას საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალება ექნება. 

"მაქვს საბჭოს და ჩემი კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების იმედი. მაქვს მოლოდინი, რომ შევძლებ ღირსეულად წარვდგე საბჭოს წინაშე. თუნდაც რთული კონკურენციის პირობებში მგონია, რომ მომეცემა შესაძლებლობა, რომ შედეგიანად ვიასპარეზო. ირაკლი შოთაძე არის მნიშვნელოვანი კონკურენტი, თუმცა სხვა ღირსეული კანდიდატებიც არიან", - განაცხადა კანდიდატმა. 

"ევროპული საქართველოს" წევრი, ოთარ კახიძე, რომელიც საპროკურორო საბჭოს წევრიც არის, სხდომებზე დასწრებას არ აპირებს. კახიძე ამბობს, რომ საპროკურორო საბჭო დამოუკიდებელი არ არის და ყველა გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი იღებს. ამასთან, დეპუტატი განმარტავს, რომ მხოლოდ იმ სხდომას დაესწრება, სადაც შოთაძის მოსმენა იქნება დაგეგმილი. 

"ივანიშვილის პროკურატურაში იწყება მორიგი სპექტაკლი, თითქოს რაღაც დამოუკიდებელი საბჭო ირჩევს კანდიდატს. სინამდვილეში კანდიდატს ირჩევს პირადად ივანიშვილი. მთელი ეს პროცედურა არის სრული ფარსი, ამ წარმოადგენაში მონაწილეობას არ მივიღებ მაგრამ შოთაძის მოსმენას დავესწრები და მწვავე კითხვებს დავსვამ", - აღნიშნა კახიძემ. 

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა, რომელიც ირაკლი შოთაძის კანდისატურას უკავშირდება, მმართველი გუნდისთვის გაუგებარია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ კანდიდატებთან გასაუბრება გამჭვირვალე პროცესით მიმდინარეობს. 

"როდესაც პროცესი გახსნილია, პირდაპირ ეთერში ხდება, საბჭო ირჩევს კანდიდატს, მერე აგზავნის პარლამენტში, რის შემდეგაც პარლამენტი განიხილავს წარდგენილ კანდიდატურას, კრიტიკა გაუგებარია. მეტი გამჭვირვალობა არ არსებობს. ჩემთვის კითხვებს ბადებს კრიტიკა პროცესის მიმართ", - აცხადებს ოხანაშვილი

გასაუბრების პარალელურად, პროკურატურასთან აქცია იმართება. უფლებადამცველები სწორედ შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ საპროკურორო საბჭოს მუშაობა ფორმალობაა და გენერალურ პროკურორად შოთაძის არჩევა უკვე გადაწყვეტილია. 

"მოქალაქეები ითხოვენ სამართალს, მაგრამ ამ სამართალს ვერ მიაღწიეს იმის გამო, რომ ხელისუფლებიდან იყო ბრძანება. დაზარალებულებს მოვუწოდებთ, რომ შემოუერთდნენ აქციას. მთელი რიგი საქმეებია, სადაც შოთაძის ნეგატიურმა მონაწილეობამ განსაზღვრა ამ საქმეთა ბედი", - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი. 

 


close დახურვა