logo
ENG



გერმანიის კანცლერი ჰეზბოლასა და ირანს მოუწოდებს, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ

17 ოქტ 202314:53
3 წუთის საკითხავი
 

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ჰეზბოლასა და ირანს მოუწოდებს, ისრაელი-ჰამასის კონფლიქტში არ ჩაერიონ.

ამის შესახებ შოლცმა იორდანიის მეფე აბდულა II ბი ალ ჰუსეინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

"პირდაპირ ვაფრთხილებ ჰეზბოლას და ირანს, არ ჩაერიონ ამ კონფლიქტში. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ, გერმანიის მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი არ გამწვავდეს და ასევე ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების წვდომისთვის მოქალაქეების ტანჯვის შესამსუბუქებლად.

პალესტინელები ჰამასს არ ეკუთვნიან და ჰამასს უფლება არ აქვს, რომ მათ მაგივრად ილაპარაკოს. პალესტინელი ხალხიც ჰამასის მსხვერპლია. მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისგან გავარჩიოთ ჰამასი და ღაზის მშვიდობიანი მოქალაქეები", - ამბობს გერმანიის კანცლერი.

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა