კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრაზე მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, თუ რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს.
ის ამბობს, რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული და აღნიშნავს, რომ ამაზე თავად პრეზიდენტი ისაუბრებს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბევრად მნიშვნელოვნად გამოიკვეთა კონტურები, რა მოქმედებები უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს. კვლავ ვამბობ, რომ ამ წუთში პოლიტიკური სპექტრი უფრო უკან არის თავისი გადაწყვეტილებებით, ვიდრე არის ხალხი. ეს არც ცუდია, არც კარგი, ეს მოცემულობაა, მაგრამ კარგი რაც არის, ეს არის, რომ სინქრონიზაციაში უნდა მოვიდეს ხალხის პოზიციასთან პოლიტიკური სპექტრის მოქმედების შინაარსიც და დინამიკაც. ამიტომ, მგონია, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა ამ მხრივ მიღებული დღეს, რაც ძალიან კარგია და სწორია.
ამ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტი ისაუბრებს, ამაში დარწმუნებული ვარ. არჩევნების ჩანიშვნასთან დაკავშირებით, არჩევნების ჩატარების წესთან დაკავშირებით და როგორ უნდა იქნას ეს გადაწყვეტილებები მიღებული, ფორმალიზაცია ამ პროცესის", - თქვა ნიკა გვარამიამ მთავარ არხთან საუბრისას.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.