logo
ENG



გვახსოვს ისინი, ვისი სიცოცხლეც აგვისტოს ომს შეეწირა - გაეროს უშიშროების საბჭო

06 აგვ 202010:33
3 წუთის საკითხავი
 
dd66mjq3wdbdk0r.jpg

"ჩვენ გვახსოვს ისინი ვისი სიცოცხლეც აღნიშნულ კონფლიქტს შეეწირა და ვინც საკუთარი სახლ-კარი დაკარგა", - ნათქვამია გაეროს უშიშროების საბჭოს 5 აგვისტოს სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. მას საბჭოს წევრი 8 ქვეყანის: ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის წარმომადგენელი აწერს ხელს. 

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უშიშროების საბჭომ აგვისტოს ომის 12 წლისთავზე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, მიროსლავ იენჩას ბრიფინგი მოისმინა და კონფლიქტის შემდგომი განვითარება განიხილა. 

ისინი მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბერს მიღწეული შეთანხმების შემდეგ კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით მიღწეული პროგრესი მცირეა.

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ძალების მუდმივი ყოფნა და რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.

ამასთან, აღნიშნული ქმედებები, ერთმანეთისგან უფრო აშორებს საზოგადოებებს და რისკის ქვეშ აყენებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს", - წერია განცხადებაში.

უშიშროების საბჭო შეშფოთებას გამოხატავს ე.წ. ბორდერიზაციის გამო და აღნიშნავს, რომ ეს პროცესი კორონავირუსის პანდემიის დროსაც გრძელდება:

"ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, დე-ფაქტო ხელისუფლებები, რომლებიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებენ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, კვლავინდებურად გააგრძელეს უკანონო დაკავებების პრაქტიკა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ.

ამასთან, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებმა არაერთხელ თქვეს უარი მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო ევაკუაციის აღმოჩენასა და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებაზე".

განცხადებაში, ასევე, საუბარია იმ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რასაც რუსეთი პანდემიისა და მასთან დაკავშირებული ჯანრთელობის საკითხებთან დაკავშირებით ეწევა.

"აღნიშნული ქმედებები კონფლიქტს აჭიანურებს, საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური  თავისუფლებების განხორციელებას და ნეგატიურ გავლენას ახდენს საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. ამასთან, ის დესტაბილიზაციას იწვევს მთელს რეგიონში.

დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები და მოვალეობები. 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმება, ასევე, მოიცავს რუსეთის მიერ თავისი სამხედრო ძალების დაბრუნებას საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მხარეებს  საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნას ავალდებულებს", - წერია განცხადებაში. 

გაეროს უშიშროების საბჭო ადასტურებს მხარდაჭერას ადამიანის უფლებების პატივისცემისა და დაცვის მიმართ, ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების მიართ. 

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232 პირს შეადგენს. მათ შორის, 1045 სამხედრო მოსამსახურე იყო. IDFI-ის ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოში 263 598-მდე გაიზარდა დევნილთა რაოდენობა.


close დახურვა