logo
ENG



გვრიტიშვილი: მოსამართლე წევრების დანიშვნა არ უნდა გადაიდოს, საბჭო პარალიზებული იქნება

24 მაი 202121:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/24/kkmirz2nuvho6wr.jpg

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ 26 მაისს საბჭოს მოსამართლე წევრების არჩევა ვერ გადაიდება.

გვრიტიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრთა განსაზღვრული რაოდენობა სჭირდება, რათა სხდომა გაიხსნას და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილებები.

„არ უნდა გადაიდოს იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოს საქმიანობა იქნება პარალიზებული. ელემენტარულად შეკრებას, სხდომის ჩატარებას ვერ შეძლებს. კანონის თანახმად, სულ მცირე რვა წევრის კვორუმია საჭირო, რომ სხდომა გაიხსნას და გადაწყვეტილებაუნარიანი იყოს საბჭო. მხოლოდ ეს ლეგიტიმური ინტერესი გვამოძრავებს მოსამართლეებს, როცა დავგეგმეთ და ვაპირებთ ჩავატაროთ კონფერენცია 26 მაისს ახალი მოსამართლე წევრების ასარჩევად". - ამბობს დიმიტრი გვრიტიშვილი.

 

 26 მაისს დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევაა დაგეგმილი, რასაც კრიტიკა მოჰყვა როგორც საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.

დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილითაც კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს.

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.

ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.


close დახურვა