logo
ENG



გვრიტიშვილი: მოსამართლეთა კონფერენცია გადაწყვეტს, აირჩევს თუ არა იუსტიციის საბჭოს წევრებს

25 მაი 202114:21
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი დღეს, გუშინდელისგან განსხვავებით, არ არის დარწმუნებული, რომ მოსამართლეთა კონფერენცია საბჭოს 4 ახალ წევრს დაამტკიცებს. 

დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც ხვალ, 26 მაისს შეიკრიბება, ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტს, აგრძელებს თუ არა მუშაობას, მათ შორის იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას. 

"კონფერენციაზე პირველი საკითხი იქნება დღის წესრიგის განსაზღვრა - კონფერენცია აგრძელებს თუ არა მუშაობას, მათ შორის წევრების არჩევას". - თქვა მან ფორმულასთან

დიმიტრი გვრიტიშვილმა გუშინ, 23 მაისს თქვა, რომ "მოსამართლე წევრების დანიშვნა არ უნდა გადაიდოს, საბჭო პარალიზებული იქნება". 

26 მაისს დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი მოსამართლე წევრის არჩევაა დაგეგმილი.

შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ სასამართლო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს როგორც იუსტიციის საბჭოს წევრების, ისე  უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით უვადოდ დანიშვნისგან.

დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილითაც მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრების, ისევე, როგორც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნების შეჩერება მოსთხოვეს.

აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს.

დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ იქნება აშშ-ის საელჩოს წერილის ადრესატი. 

"მოსამართლეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოქმედებს კანონმდებლობის საფუძველზე, ვასრულებთ კანონს. კანონი გვავალდებულებს, რომ ავირჩიოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრები. კანონი გვავალდებულებს, ვიზრუნოთ საკადრო პრობლემის დაძლევაზე - მოსამართლეთა სიმცირე საყოველთაოდ ცნობილი პრობლემაა, რაც იწვევს საქმეთა გაჭიანურებას. 

შარლ მიშელის შეთანხმება იყო სუფთა პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკურ ძალებს შორის  შედგა გარკვეული კონსენსუსი, სადაც სასამართლო არ და ვერ იქნებოდა ჩართული. 

შეთანხმებას ვერ შევასრულებთ, ჩვენ ვასრულებთ კანონებს. კონსტიტუციის და კანონის მოთხოვნებს ვასრულებთ". - თქვა გვრიტიშვილმა დღეს, 25 მაისს. 

მისივე თქმით, "თუ ამ შეთანხმების დებულებები იქცევა კანონად, თუ მისი რეალიზებისთვის შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ვინმეს დააინტერესებს გვრიტიშვილის მოსაზრება, ამ ჯგუფში ჩაერთვება". 

პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ 23 მაისს თქვა, რომ ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, პასუხისმგებელია, უზურნველყოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ არჩევის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესი.  


close დახურვა