იუსტიციის საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი 4 მოსამართლე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არჩევას ულოცავს.
გვრიტიშვილი ამბობს, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ "4 ღირსეული კოლეგა აირჩია".
მოსამართლეთა კონფერენციის გადაწყვეტილებით, 26 მაისს საბჭოს წევრები გახდნენ გოჩა აბუსერიძე, თემურ გოგოხია, ბადრი შონია და ლევან მიქაბერიძე.
მას შემდეგ, რაც უახლოეს რამდენიმე კვირაში საბჭოს მოქმედ 4 წევრს უფლებამოსილების ვადა გაუვა, გაჩნდება 4 ვაკანტური ადგილი. მოსამართლეთა კონფერენციამ მოსამართლე წევრები წინსწრებით დანიშნა.
"სიმბოლურია, რომ მათი არჩევა მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რადგან ერთ-ერთი გამოწვევა მათთვის და დანარჩენი ჩემი კოლეგებისთვის სასამართლოს უკვე მიღწეული დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განმტკიცებაა! ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას გისურვებთ!". - აცხადებს დიმიტრი გვრიტიშვილი.
დღევანდელ კონფერენციას კრიტიკა მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის, ასევე არასამთავრობო სექტორის მხრიდან.
"თემურ გოგოხია არის რევაზ ნადარაიას ქვისლი, ის შეცვლის ნადარაიას და მის პოლიტიკას გააგრძელებს. ბადრი შონიას ჰქონდა ძალიან ცუდი როლი მედიაციის ასოციაციის შექმნის დროს, როცა ის იყო მცხეთის სასამართლოს თავმჯდომარე. მათ უკავიათ ადმინისტრაციული თანამდებობები სასამართლოში და შესაბამისად, ენდობა და კლანი.
მიქაბერიძე უკანონოდ გახდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. დარღვევებით სავსე პროცესით მოხვდა ეს ადამიანი იქ, მანამდე მუშაობდა ქვედა ინსტანციებში.
გოჩა აბუსერიძეც გამოირჩევა კლანის მხარდაჭერით.
კლანი ირჩევს კლანს". - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.
მისთვის მიუღებელი იყო კონფერენციის დღეს დანიშვნაც, ვინაიდან ამით შარლ მიშელის შეთანხმება დაირღვა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შეთანხმების დოკუმენტით, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ საარჩევნო რეფორმის გატარებამდე, რომელიც უნდა დაეფუძნოს ვენეციის კომისიის 2019 წლის 24 ივნისის დასკვნას, პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების მოქმედი წესით დანიშვნისგან.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებითი რეფორმირება, გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით. რეფორმა უნდა მოიცავდეს დანიშვნების, შერჩევის, დაწინაურების და დისციპლინარული ზომების სფეროსაც. რეფორმების შესაფასებლად მოთხოვნები შედგება და გაეგზავნება ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირ-ს, მათი რეკომენდაციები კი სრულად უნდა იქნას გათვალისწინებული.
21 მაისს დიპლომატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით კი მიმართეს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერება სთხოვეს, რაზეც კუჭავამ ასევე წერილით უპასუხა - მისი თქმით, პროცესს ვერ შეაჩერებდა.
აშშ-ის ელჩმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდა, მოსამართლეთა შერჩევა ივლისამდე გადადოს.
სასამართლო ხელისუფლებამ არც ერთი მოწოდება და გარემოება არ გაითვალისწინა.
არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, უკვე რამდენიმე წელია, სასამართლო სისტემას აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მას ე.წ კლანი მართავს.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის დასკვნით, 2020 წელს საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულმა მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა, ე.წ. კლანმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული თანამდებობების დაკავება და მათზე ლოიალური მოსამართლეების გამწესება შეძლო.