logo
ENG



გიგა ბოკერია ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ცალსახა გამარჯვება

21 იან 202118:38
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/21/xfkjzfih5eot51y.png

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია აგვისტოს ომის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას ამბობს, რომ ეს ცალსახა გამარჯვებაა და რომ ამ გადაწყვეტილებით რუსეთის ფედერაციას პასუხისმგებობები დაეკისრა. ამაზე მან ფორმულას ეთერში, გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მტერზე, პუტინის რუსეთის ფედერაციაზე. ამ გადაწყვეტილებით დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა ეთნიკურ წმენდაზე, წამებაზე, მკვლელობებზე, სახლ-კარის დაწვაზე", - ამბობს ის. 

გადაცემის წამყვანმა დააზუსტა, რომ რუსული მედია აპელირებს გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, სადაც საუბარია 8-12 აგვისტოს "ეფექტური კონტროლის" განმახორციელებელი მხარის დაუდგენლობაზე. ამაზე გიგა ბოკერია განმარტავს, რომ სასამართლომ მისივე სამართლებრივი სტანდარტით ვერ დაადგინა პასუხისმგებელი მხარე, რაც იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი არაა პასუხისმგებელი. 

"სასამართლომ თქვა, რომ 8-12 აგვისტოს იმდენად აქტიური ფაზა იყო, და იმდენად რთულია მტკიცებულებების მოპოვება სამართლებრივი სტანდარტით, ამაში აღარ შევდივარო. ის კი არ უთქვამს, რუსეთი პასუხისმგებელი არ არისო, ვერ ვამტკიცებო ჩემი სტანდარტით იმ დღეებში თითოეულ ამბავზეო.

მაშინ, როცა აშკარა ვითარება იყო ჩვენი ქვეყნის მიერ მიწოდებული მტკიცებულებით, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის პასუხისმგებლობის დადგენა ყველაფერზე - დევნაზე, გამოძიებაზე, წამებაზე, დაწვაზე სოფლების. ვიმეორებ, 8-12-ის აქტიურ ფაზაშიც კი, შემდეგ როცა ნაკლებად აქტიური ფაზა იყო, იმ პერიოდშიც, როცა ეფექტური კონტროლი ეჭვქვეშაც აღარ დგას, რომ არ გამოიძიეს, ესეც ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას. ამიტომ ეს არის ცალსახა გამარჯვება", - განმარტავს ბოკერია. 

ევროსასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე, სადაც სარჩელის დიდი ნაწილი საქართველოს სასარგებლოდ დააკმაყოფილა. კერძოდ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციით გათვალისწინებული სიცოცხლის, საკუთრების, პირადი და ოჯახურიცხოვრების, თავისუფლად გადაადგილების უფლება, ასევე დაირღვა წამების, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის მუხლები.

სასამართლომ დაადასტურა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ, რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველა დარღვევა რაც მოხდა მას შეერაცხება.


close დახურვა