ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, ძალადობა ოპოზიციის წინააღმდეგ და ხელისუფლების მიტაცების მცდელობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან - ესაა თემები, რომელთაც ოპოზიციის წარმომადგენლები, დიპლომატებთან შეხვედრისას განიხილავენ. შეხვედრას ნატოსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებიან.
„ჩვენ ვხედავთ სასამართლოს, რომელიც პირდაპირ ძალადობის ინსტრუმენტია და ნოტარიუსივით აფორმებს ყველა იმ ტყუილს, რომელსაც პროკურატურა მიაწვდის. აქედან გამომდინარე მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა.
უნდა დავიწყოთ მუშაობა იმაზე, რომ ყველა მოსამართლეს, პროკურორს და ასევე გამოძიებას, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ დევნაში, პოლიტიკური ოპონენტების თავდასხმაში და მერე ამ ყველაფრის გაპრავებაში, სულ მცირე თავისუფალ ქვეყნებში ევროკავშირი იქნება ეს თუ ამერიკა შეეზღუდოთ შესვლა,“ - აცხადებს ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი გიგი უგულავა.
„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეხვედრაზე საგანგებოდ გაკეთდება აქცენტი იმ წარმოუდგენელ უფლებადარღვევებზე, რასაც აკეთებს ხელისუფლება. მისივე განცხადებით, ოპოზიცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ინფორმაციას მიაწვდის.
„საგანგებოდ გაკეთდება აქცენტი იმ წარმოუდგენელ უფლებადარღვევებზე, რასაც აკეთებს ხელისუფლება, როდესაც დამნაშავის მაგივრად თავდამსხმელს ამართლებს, როდესაც არის აბსოლუტურად უკანონო მოქმედებები. გვინდა, რომ დეტალურად ჩავაყენოთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქმის კურსში,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის თინა ბოკუჩავას განცხადებით კი,შეხვედრაზე პოლიტიკურ პატიმრებზე და იმ ძალადობაზე ისაუბრებენ, რომელსაც ქართული ოცნება აორგანიზებს.
„ვისაუბრებთ პოლიტიკურ პატიმრებზე, მათ შორის; გიორგი რურუა, ზურაბ ბუდაღაშვილი, თამლიანი, უარავი სხვა ადამიანი, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური მოტივით, რომლებიც არიან ივანისვილის პირადი პატიმრები. ასევე საუბარი იქნება ძალადობაზე, მათ შორის ძალადობის იმ ფაქტზე, რომელიც განხორციელდა გიგი უგულავას წინააღმდეგ და ზოგადად იმ ძალადობის კამპანიაზე, რომელსაც აორგანიზებს ქართული ოცნება, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოს ის შეთავაზება რაც იყო ოპოზიციის მხრიდან. ამ შეთავაზებას ჩვენ კიდევ ერთხელ გავუზიარებთ დიპლომატიურ კორპუსს,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.