"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, უზენაესი სასამართლოს კოლეგიის წევრის, შალვა თადუმაძის აცილებას მოითხოვს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ თადუმაძემ თვითაცილების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
„შევიტანთ საკასაციო სასამართლოში შალვა თადუმაძის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას. თადუმაძე გენპროკურორობის დროს ზედამხედველობას უწევდა საქმეს, რომელსაც დღეს იხილავს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ის ვერ იქნება მიუკერძოებელი. წელიწადნახევრის წინ იდენტურ საქმეზე უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საქმის წარმოებაში მიღებაზე“, - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, რომ სწორედ თადუმაძის მონაწილეობით უნდა გამოიტანოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ე.წ. ფონდის საქმეზე, რომელზეც უგულავაა ბრალდებული. ორი ინსტანციის სასამართლომ ქალაქის ყოფილი მერი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ, უზენაეს სასამართლოში კი საქმის კვალიფიკაცია შეეცვალა და ახლა გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენით ისე უნდა მიიღონ, რომ თავად უგულავას და მის უფლებადამცველებს, საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცემათ.