„ეს იყო მასპინძელი მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აკეთებს.
მისი განცხადებით, მისი ოპონენტები ცდილობენ აქცენტები, რაღაც გაურკვეველ ფორმებზე გადაიტანონ რაც ღიმილის მომგვრელია.
პრემიერის თქმით, მასპინძელი მხარე უკრაინა, რომელიც რუსეთთან ცხელ კონფლიქტშია, ასევე რუსულ ენაზე გამოვიდა და მისი მხრიდან ამ ნაწილში დემარშის მოწყობა არათუ უადგილო, არამედ ხელისშემშლელი იქნებოდა.
„სუამი არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ენასაც განსაზღვრავს პროტოკოლი, ეს ერთი და მეორე - ეს იყო მასპინძელი მხარის თხოვნა და ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა. ვფიქრობ, ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ცდილობს, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი საკითხებიდან, როგორიცაა საქართველოს და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობა, ერთობლივი მიზნები და ამ მიზნების მიღწევა, აქცენტები გადაიტანოს რაღაც გაურკვეველ ფორმებზე, რაც ღიმილის მომგვრელია. მასპინძელი მხარე, რომელიც ცხელ კონფლიქტშია დღეს რუსეთთან, ასევე რუსულ ენაზე გამოვიდა და ეს იყო მათი თხოვნა. ჩვენი მხრიდან დემარშის მოწყობა ამ ნაწილში არათუ უადგილო იქნებოდა, იქნებოდა კონტრპროდუქტიული და ხელს შეუშლიდა იმ შედეგების მიღწევას, რომელსაც ჩვენ დღეს უკრაინულ მხარესთან მივაღწიეთ “, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში პრესკონფერენცია რუსულ ენაზე გამართა. გიორგი გახარიამ ოკუპანტის ენაზე სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ისაუბრა. გახარიამ მიღწეულ შეთანხმებებზე ილაპარაკა და შეკითხვებსაც რუსულ ენაზე გასცა პასუხი. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტი უკრაინაში დღეს სრულდება.