logo
ENG



გიორგი გახარია ლგბტ მემორანდუმზე: ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა

10 ივლ 202115:37
3 წუთის საკითხავი
 
გიორგი გახარია ლგბტ მემორანდუმზე: ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა

ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია საქართველოსთვის ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ლგბტ უფლებების მემორანდუმს მისი პარტია არ შეუერთდება, რადგან ეს "პოლიტიკური კეკლუცობაა". საუბარია 15 პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერილ მემორანდუმზე, რომელსაც მხარს არ უჭერს მმართველი გუნდი, ქართული ოცნება. მემორანდუმით პარტიები შეთანხმდნენ, რომ ქვიარ ადამიანების ფუნდამენტულ უფლებებს დაუჭერენ მხარს და მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციის და ძალადობის აღმოფხვრაზე იმუშავებენ.

გახარია ამას პოლიტიკურ კეკლუცობად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამის უკან შინაარსობრივს ან კონკრეტულ მიზნისთვის გადადგმულ ნაბიჯს ვერ ხედავს.

"მსგავსი, უაღრესად მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებისთვის სენსიტიური და მგრძნობიარე საკითხის, აი, ასე, პოლიტიკურად პიარი, მიმაჩნია, რომ არაგონივრულია, არასწორია," - ამბობს ის.

ყოფილი პრემიერის თქმით, სახელმწიფომ უნდა დაიცვას თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ფიზიკური უსაფრთხოება, კონსტიტუცია და კონსტიტუციური უფლებები. "და ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ისე, რომ მოქალაქეები კი არ უნდა დააპირისპიროს ერთმანეთს და ეკლესიის და უმრავლესობის ზურგს კი არ უნდა ამოეფაროს, თვითონ უნდა იყოს ავანგარდში, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს და ასე მოქმედებდეს", - განაცხადა გახარიამ. 

16 მაისს მემორანდუმს შემდეგმა 15-მა პარტიამ მოაწერა ხელი:

ხელმომწერებს შორისაა: ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, რესპუბლიკური პარტია, გირჩი, გირჩი - მეტი თავისუფლება, კანონი და სამართალი, პროგრესი და თავისუფლება, დროა, სამართლიანობისთვის, თავისუფალი დემოკრატები, რეფორმერი, ერთიანი საქართველო, გამარჯვებული საქართველო. 

გახარია ასევე თვლის, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნისას გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცული იყო. მას ამაში უმცირესობის წარმომადგენლები არ ეთანხმებიან.


close დახურვა