საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ნიდერლანდების სამეფოში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან.
მარკ რუტეს თქმით, ნიდერლანდები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და ამასთან ამბობს, რომ ნიდერლანები საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორია.
„ნიდერლანდები საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ბოლო ინვესტიციების მხრივ მეორე ადგილზე ვართ, სრულიად დარწმუნებული ვართ თქვენი ქვეყნის მომავალში, დარწმუნებული ვართ თქვენი ქვეყნის მაკრო-ეკონომიკურ სტაბილურობაში, დარწმუნებული ვარ სტაბილურობა შობს შესაძლებლობას, რათა მომდევნო წლებში კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები და ისეთი პროდუქცია მოიცვას როგორიცაა აგრარული ნაწარმი“-განაცხადა ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტეს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრეს.
„ნიდერლანდები ჩვენი ქვეყნის დიდი მხარდამჭერია, როგორც ორმრხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში, ამ მხარდაჭერას დიდად ვაფასებთ. შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ასევე ვისაუბრეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართლებით ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე. მადლობელი ვართ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნიდერლანდების ჩართულობითა და მხარდაჭერით“,- განაცხადა გახარიამ.