logo
ENG



გიორგი თარგამაძის OP-ED: შეთანხმება და პარტიული ლოგიკა

25 აპრ 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock 1044

ქვეყნის ღალატი თუ ქვეყნის გადარჩენა? ასეთი, რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოვისმინეთ მიშელის დოკუმენტის მომხრეთა თუ მოწინააღმდეგეთა მისამართით. ზოგი ამბობს, რომ დოკუმენტზე ხელმოწერით ოპოზიციის ნაწილმა კოლეგებს და ქვეყანას უღალატა. მეტი მოთმინების შემთხვევაში მეტის მიღება შეიძლებოდა. მეორენი კი, იმათ ამუნათებენ, ვინც თანხმობაზე უარი თქვა და ამტკიცებენ, რომ სწორედ ბრიუსელის შემოთავაზებულ დოკუმენტზე დაუთანხმებლობა არის ქვეყნისა თუ ოპოზიციის საერთო ინტერესების ღალატი.

სიმართლე, როგორც ყოველთვის, ალბათ სადღაც შუაშია. მიშელის დოკუმენტზე დათანხმება თუ დაუთანხმებლობა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან არც ღალატია და არც გმირობა. მათ ქცევას უბრალოდ პოლიტიკური რეალობა და პოლიტ-ტექნოლოგიური მოცემულობა განაპირობებს.

ოპოზიციისთვის სასურველ შედეგამდე მისასვლელად საჭირო იყო ხელისუფლებაზე ზეწოლის 2 ბერკეტი: დასავლური ჩართულობა და საზოგადოებრივი წნეხი. ბოლო პერიოდში ვაშინგტონისა და ბრიუსელის აქტიურობამ აშკარად პიკს მიაღწია, თუმცა მას საზოგადოებრივი პროტესტის დინამიკამ აშკარად ვერ აუწყო ფეხი. ძნელი სათქმელია არის თუ არა ეს შეთანხმება მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა: ის, რომ ვაშინგტონს უახლოეს თვეებში ბიძინას წინააღმდეგ სანქციები დაეანონსებინა, ან რუსთაველზე ასობით ათასი ადამიანი გამოსულიყო, თეორიულად შესაძლებლი, თუმცა ნაკლებად რეალისტური იყო, ამიტომაც, შესაძლებლობის გაჩენისთანავე, პარტიების ხელმძღვანელებმა პოლიტიკურ რეალობაზე და საკუთარი ამომრჩევლის განწყობაზე დაყრდნობით მიიღეს გადაწყვეტილება.

პოლიტიკური კრიზისი, გაჩერებული ეკონომიკა, გაუფასურებული ლარი, კორონას მესამე ტალღა და უკიდურესად მზარდი უკმაყოფილება მოსახლეობაში, რასაც დასავლეთის სერიოზული განაწყენება ემატებოდა, მმართველი პარტიისთვის გაუსაძლისი აღმოჩნდა. კობახიძისა და ღარიბაშვილის ყოყლოჩინობის მიუხედავად, ცხადი გახდა, რომ ოცნებამ წნეხს ვერ გაუძლო და მათი მხრიდან არაერთხელ გამოთქმული კატეგორიული უარის მიუხედავად, მიშელის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მექანიზმების შესახებ ჩანაწერი გაჩნდა. ამას ემატება, პენსიაზე გასული ივანიშვილი,  პარტიიდან წასული გახარია და მისი გუნდი, გუშინ გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარე და კონკურენცია თუ უთანხმოება კობახიძე-ღარიბაშვილ-კალაძის სამკუთხედში, რომელიც როდის დაიშლება არავინ იცის. ოცნებამ რომ საკუთარი ამომრჩევლის თვალში სახე ბოლომდე არ დაკარგოს და რაღაც ტიპის სტაბილურობის შეგრძნება მაინც დატოვოს, კვლავაც მაქსიმალურად ცდილობს ძალის პოზიციიდან ისაუბროს, და ისე წარმოაჩინოს, თითქოს არაფერს თმობს. ამიტომაც შეეცდება, რომ საპატიმროდან მელია უპირობოდ კი არ გამოუშვას, არამედ ამნისტიის შედეგად სამართალდამცავებთან ერთად აპატიოს დანაშაული.

ნაცმოძრაობისთვის, რომელიც ჯერჯერობით მიშელს დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავს იკავებს, მთავარია რომ საკუთარ ამომრჩეველს გამარჯვება, პრინციპულობა და სხვა ოპოზიციურ ძალებთან მიმართებაში უპირატესობა აჩვენოს. პოლიტიკის მთავარი განმსაზღვრელი აქ მელიას ფაქტორი და მისი უკომპრომისო საქციელია, რომელსაც ხელისუფლებამ ვერაფერი მოუხერხა. თუმცა, ვითარება არც ნაცმოძრაობისთვისაა მარტივი, რადგან შიდა კონკურენცია აქაც არანაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ მელია ოპოზიციურ ფლანგზე აღიარებული ლიდერია, ის ნაცმოძრაობის უპირობო ლიდერი ჯერ კიდევ არ არის. არსებობს ერთგვარი კონკურენცია მას და მიხეილ სააკაშვილის შორის, როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე მელიას ახალ გუნდსა და ნაცმოს ძველ გვარდიას შორის. რაც დიდხანს დარჩება მელია ციხეში, მით შემცირდება მისი გავლენა პარტიის შიგნითაც და ოპოზიციურ ერთობაშიც, რომელსაც რადიკალური პოზიციით ნაცმოძრაობის ლიდერი სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს, და რაც მისთვისვე გახდება დამაზიანებელი თბილისის მერობის არჩევნებში. შეცდომა იქნებოდა ასევე, ევროკავშირის მხრიდან გირაოზე უარი, რაც მელიასთვის დამცირება კი არა, უპირატესობაა და ერთგვარი საბუთია იმის დასტურად, რომ ბრიუსელს მისი ბედი ადარდებს, პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და მზად არის მელიას საპატიმროდან გამოხსნისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგას.

მიხელ სააკაშვილი, რომელმაც გადამწყვეტ მომენტში საკუთარი იმიჯისთვის უჩვეულოდ კონსტრუქციული ნაბიჯი გადადგა და რითაც, ნაცმოძრაობა შიდა განხეთქილებას და სრულ მარგინალიზაციას, ხოლო ოპოზიციური ერთობა საბოლოო დაშლას გადაარჩინა, ერთგვარ მშვიდობის მტრედად მოგვევლინა. თუმცა, საკუთარ ამომრჩეველსა და პარტიაში მის მიმდევრებს ქორის კლანჭებიც აჩვენა: როგორც თავგანწირვის აქტი, ადგილობრივი არჩევნების წინ ჩამოსვლა დააანონსა, რითაც ყველას მიანიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში მზად არის მელია პარტიაშიც ჩაანაცვლოს და საპატიმროშიც. ეს კი ქართულ ოცნებას კვლავ მისცემს პოლიტიკური სივრცის პოლარიზაციის და მიშას საფრთხობელას ხატის განახლების შესაძლებლობას, რაც ტექნოლოგიურად ივანიშვილსაც აწყობს. ამიტომ, თუ მელია საპატიმროდან დროულად არ გამოვა და პარტიის შიგნითაც და გარეთაც პოზიციებს არ მოიმაგრებს, ამ სივრცეს, თუნდაც ნაწილობრივ, ისევ სააკაშვილი აითვისებს.

გირჩის ამომრჩეველი, ამ პოლიტიკური ძალისგან ექსტრაორდინალურ ნაბიჯებს და პერფომანსებს ელის, რაც ოცნება-ნაცმოძრაობის ცივი თუ ზოგიერთ პერიოდებში ცხელი ომის პირობებში სრულიად წარმოუდგენელია. ამიტომაც, ლოგიკური და ორივე გირჩის ინტერესშია, რომ პარლამენტი მათი ფლეშმობების მოედნად იქცეს. მართალია ოცნებას და ნაცმოძრაობას ისინი რადიკალურობაში ვერ გაეჯიბრებიან, თუმცა ექსტრავაგანტულობაში ნამდვილად მოუგებენ.

აბსოლუტურად გასაგებია, ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის პარლამენტისკენ სწრაფვა და მათი მყისიერი თანხმობა შარლ მიშელის დოკუმენტზე, რაც დიდი ალბათობით არის კიდეც მათი ამომრჩევლის უმრაველესობის დაკვეთაც. ეს პარტიები, ნაცმოძრაობისგან განსხვავებით, საკუთარ თავს პროფესიულ-ტექნოკრატიულ ნიშაში ხედავენ. მათი ამომრჩევლისთვის კი ქუჩაში დროშებით დგომაზე მეტად, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივებით თუ სხვადასხვა დარგის განვითარების გეგმებით პოზიციონირებაა მნიშვნელოვანი. ამიტომაც, ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებლის გადარჩენისთვის სასწრაფოდ პარლამენტში შესვლა, საკუთარი დღის წესრიგის გამოკვეთა და საქმის მკეთებლის იმიჯის მორგებაა აუცილებელი.

ადვილად ასახსნელია, ნათელაშვილის, ბურჯანაძისა თუ ჭიჭინაძის რადიკალური მიდგომები, რომელთა რიტორიკაც ნაცმოძრაობის ყველაზე რადიკალურ ჯგუფებზე მეტად კრიტიკულია. არჩევნების შედეგი აჩვენებს, რომ ამ პარტიებმა ფაქტობრივად დაკარგეს ან ძალიან შეუსუსტდათ ელექტორალური რესურსი.  ნათელაშვილის გარდა ყველა მათგანი პარლამენტს გარეთ დარჩა და თუ პოლიტიკური პროცესი ბოლომდე საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, მომავალ არჩევნებში მათი შანსი უკიდურესად შემცირდება. ხოლო, თუ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტს გარეთ დარჩება და სცენარი რევოლუციური გზით წავა, ამ შემთხვევაში მათ, როგორც ინდივიდუალურ ლიდერებს პერსპექტივა კვლავ უჩნდებათ.

ყველაზე ძნელად ასახსნელი მაინც ევროპული საქართველოს პოზიციაა. ამომრჩეველი ამ პარტიას ხმას იმიტომ აძლევდა, რომ ის ნაცმოძრაობაზე უფრო ზომიერი, პროფესიული და მკვეთრად გამოკვეთილ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა იყო. დღეს კი ევროპული საქართველოს პოზიცია ნაცმოძრაობაზე გაცილებით რადიკალურია. ამას ემატება ისიც, რომ პარტია პოპულარული ლიდერების დიდმა ნაწილმა დატოვა. ამ ყველაფერის გამო, დიდი ალბათობით ევროპული საქართველო ისედაც შემცირებული ტრადიციული ამომრჩევლის ნაწილს დაკარგავს და უფრო რადიკალურ ნიშაში გადაინაცვლებს. ხოლო, პერსონალურად ბოკერიას და კლასიკურ ლიბერალიზმს რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერა ექნება ამას მხოლოდ მომავალი არჩევნები აჩვენებს. 

შეიძლება ბევრისთვის გაუგებარი ან ალოგიკურია, რატომ იქცევიან პოლიტიკური ძალები ისე როგორც იქცევიან. ნაცმოძრაობის გარდა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ახლა სწავლობს, როგორ დაუგდოს ყური საკუთარ ამომრჩეველს და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, მოდის თუ არა ის წინააღმდეგობაში სხვა პარტიების მხარდამჭერებში დომინირებულ აზრთან. ევროპული პოლიტიკა, რომლისკენაც კუს ნაბიჯებით, თუმცა მაინც მივიწევთ, სწორედ ამას გვეუბნება, რომ ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერს საზოგადოების და პირველი რიგში საკუთარი ამომრჩევლის მაჯაზე უნდა ედოს ხელი და პულსს მუდმივად გრძნობდეს. თუმცა, ისიც უნდა იცოდეს, რომ მაჯისცემას გულის ძგერის სიხშირე განაპირობებს, ამ უკანასკნელს კი ამომრჩევლის თავში მოსული აზრები. ევროპული პოლიტიკის გამორჩეული ლიდერები კი მხოლოდ მაჯისცემას კი არ უსმენენ, არამედ ამომრჩეველთა აზრებზე ზემოქმედებით, მათი გულისცემის ცვალებადობას განაპირობებენ.

აი აქამდე კი ჩვენი პოლიტიკური ელიტისთვის ჯერ კიდევ ალბათ ძალიან შორია...


close დახურვა