წესით ახლა მაინც ბევრი ახსნა აღარ უნდა იყოს საჭირო.. თუმცა ადრეც ასე მეგონა.. გასულ კვირას, ოცნების მიერ დაანონსებული „საკანონმდებლო პაკეტი“ აღარ არის უბრალოდ მორიგი შეზღუდვა, მორიგი ბიუროკრატიული ხრიკი, ან „ტექნიკური ცვლილება“. ეს უკვე ნახტომია - ღრმა უფსკრულში. და ყველაზე სახიფათო სწორედ ისაა, რომ ეს ნახტომი კეთდება კანონით, იმ ინსტრუმენტით, რომელიც წესით მოქალაქეს უნდა იცავდეს. ეს არის coup by law - კონსტიტუციური წესრიგის რღვევა, სახელმწიფო გადატრიალება იურიდიული ფორმით.
უნდა გავიმეორო ის, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდი: ავტორიტარიზმი იშვიათად მოდის ტანკით. უფრო ხშირად მოდის დადგენილებით; შემდეგ -რეგულაციით; შემდეგ „მცირე შესწორებით“. და ბოლოს დგება დღე, როცა გეუბნებიან: შეზღუდვები „ყველას შეეხება“. თითქოს ეს „სამართლიანობის“ ჟესტია და ,,საყოველთაოობა“ უუფლებობაში ყველას გვათანაბრებს. სინამდვილეში ეს ფრაზაც ტყუილითაა სავსე. რეპრესიული ბადე ყველას არ უმიზნებს - პირველ რიგში მიწვდება მათ, ვინც ხმას ამოიღებს. დანარჩენებს კი შესთავაზებენ გარიგებას: გაჩუმდი და არავინ შეგეხება.
და ზუსტად აქ იწყება სახელმწიფოს ჩამოშლა. არა მაშინ, როცა ვინმე დააკავეს; არამედ მაშინ, როცა სრულიად უსაფუძვლოდ გითხრეს, რომ „ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი უცხო ქვეყნის აგენტია“ - შენ ეს გაიგე და დუმილი აირჩიე, ან ზოგიერთი ჩემი და თქვენი ნაცნობის მსგავსად, სირაქლემასავით, თავი მიწაში ჩარგე - ფრაზა ,,ტელევიზორს აღარ ვუყურებ“ გასასამართლებელ არგუმენტად აიფარე, თითქოს მედიის და რეალობის იგნორირება გადაგარჩენს. ან უარესი: -როცა კანონით გაძალებენ თანამოქალაქეს „აგენტი“ დაუძახო და შენ ამას შეეგუე - ეს ის ზღვარია, რომლის შემდეგაც მოქალაქე ნელ-ნელა იქცევა „შემოღობილი ეზოს“ მცხოვრებად: გეუბნებიან, ღობის იქით სამყარო შენ არ გეხება და შენ აგრძელებ არსებობას ერთადერთი ფრაზით - „ნუუ.. ალბათ ასეა საჭირო“.
ახალი რეპრესიული პაკეტის ლოგიკა მარტივია: საზოგადოებრივი და პოლიტიკური საქმიანობა გადაიქცეს რისკად, ხოლო კრიტიკა - დანაშაულად. ცვლილებები ისეა კონსტრუირებული, რომ ნებისმიერ აქტიურ მოქალაქეს მარტივად მიაწერო „პოლიტიკური სუბიექტის“ ნიშნები და მერე დაიწყოს: კონტროლი, დაკითხვები, ყადაღები, საქმეები, სასამართლოები... და როცა სისხლის სამართალი ხდება პასუხი თითქმის ყველაფერზე, ეს უკვე აღარ არის „წესრიგი“. ეს არის საზოგადოებრივი ცხოვრების სრული კრიმინალიზება.
უცხოურ ორგანიზაციებში ნაბარტყი კობახიძე და პაპუაშვილი გვეუბნებიან, რომ სამოქალაქო სექტორი, ზოგადად სამოქალაქო აქტივიზმი და პოლიტიკა ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და ეს ხალხი პოლიტიკაში არ უნდა მოდიოდეს.. უტიფრობის და დემოკრატიული სისტემის ბუნების უცოდინარობის მწვერვალი.. თუმცა ყველაზე ცინიკური ნაწილი სხვაა: ფაქტობრივად იკეტება ის გზა, როგორც და საიდანაც იბადება დემოკრატიული პოლიტიკა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების პოლიტიკიდან გამორიცხვა ნიშნავს იმ არხის გადაკეტვას, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებრივი გამოცდილება პოლიტიკურ პროცესად, რეალურ გადაწყვეტილებებად და შესაბამისად პასუხისმგებლობად გარდაიქმნება. პოლიტიკა რჩება ივანიშვილის ,,ზომბიელიტის“ გამამრავლებელ სისტემად, სადაც „თავისიანების“ წრე ფართოვდება, ხოლო საზოგადოებას ეუბნებიან: თქვენი ადგილი საზოგადოებრივ ასპარეზზე, ტრიბუნასთან კი არა - კუთხეშია. ჩვენი რეალობა ისიცაა, რომ საქართველოში სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი წლებია საერთაშორისო მხარდაჭერით არსებობს იმიტომ, რომ ღარიბ და დემოკრატიული ტრადიციების არ მქონე სახელმწიფოში რესურსი ქვემოთ, ადამიანებამდე, მათი პრობლემების ადვოკატირებამდე, უბრალოდ არ და ვერ ჩამოდიოდა. ახლა კი ამ რეალობას იყენებენ როგორც ბრალს: თუ დახმარება მიიღე - ე.ი. უცხო, აგენტი, მტერი ხარ. სხვა რაღაა რუსული ავტორიტარული ლეგალიზმი და მისი პროპაგანდისტული სქემა, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება: კრიტიკის დელეგიტიმაციას და ალტერნატივის გაჩუმებას.
და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: უსამართლობა არასოდეს ჩერდება იქ, სადაც შენ გგონია, რომ „ჩემს საარსებო, საყოფაცხოვრებო სივრცეს არ შეეხება“. როცა სისტემა ერთხელ შეეჩვია ადამიანისთვის „აგენტის“ წოდების მიკერებას, მერე ყველაფერს მოუძებნის სახელს: კრიტიკულ ხმას - „რადიკალიზმს“, პროტესტს - „რევოლუციას“, სოლიდარობას - „დესტაბილიზაციას“. და თუ დღეს ამ ნახტომს „ტექნიკურ კანონად“ მონათლავ, ხვალ აღმოაჩენ, რომ აღარ გაქვს არც ხმა, არც სასამართლო, არც მედია და არც ადამიანი, ვინც გვერდში დაგიდგება. კვლავ გავიმეორებ არაერთხელ ნათქვამს: - რეჟიმის ძალა შიშშია. საზოგადოების ძალა - თანადგომაში. და ქვეყანაში, სადაც კანონი - მოქალაქის ფარი - მონათმფლობელის მათრახად გადაიქცევა, არჩევანი უკვე თეორიული აღარ არის: ან დავუბრუნებთ კანონს მის ნამდვილ შინაარსს - ადამიანის ღირსების დაცვას - ან დავრჩებით წესების იმიტაციაში, სადაც „საყოველთაოობა“ სინამდვილეში საყოველთაო უუფლებობაა. ეს არ არის ომი მედიასთან და „ენჯეოებთან“. ეს არის ომი მოქალაქეობასთან - და ამ ომში ნეიტრალიტეტი უბრალოდ დანებების სხვა სახელი, სინონიმია.
